ეკონომიკის სამინისტრომ 2026 წლის აპრილის და პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. საქსტატის თანახმად, აპრილში ეკონომიკური ზრდა 6.2%-ს შეადგენდა, ხოლო პირველ ოთხ თვეში კი ეკონომიკური ზრდა 8.3% იყო.
ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა ექსპორტმა, რაც 2026 წლის პირველ ოთხ თვეში 21%-ით გაიზარდა და 2.4 მილიარდ დოლარს მიაღწია. სამინისტრო ასევე მიუთითებს, რომ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ადგილობრივი გადამუშავების დაწყებას, რომლის კონტრიბუციაც აპრილის 6.2%-ის ეკონომიკურ ზრდაში 1.83 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. ჯამურად, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან 324 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 933%-ით მეტია, აღნიშნული დაკავშირებულია ქვეყანაში პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის – “ბლექ სი პეტროლოუმის” მიერ ოპერირების დაწყებასთან.
ეკონომიკური ზრდის მიზეზები – ეკონომიკის სამინისტროს განცხადება:
“აღსანიშნავია, რომ აპრილში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3%-ით გაიზარდა. ბიზნესგარემოსადმი მაღალ ნდობაზე მეტყველებს ახლად დარეგისტრირებულ სუბიექტთა რაოდენობაც, რომელმაც 6.9%-იანი მატებით 6,195 ახალ ერთეულს მიაღწია.
იანვარ-აპრილში მაღალ ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა დინამიკამ – აღსანიშნავია ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც 21.1%-ით გაიზარდა და 2,439.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
განსაკუთრებული მატება აღინიშნა ადგილობრივ ექსპორტში (ექსპორტი რეექსპორტის გამორიცხვით), სადაც ზრდამ 73.5%-ს მიაღწია და 1,551.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის აპრილის ეკონომიკურ პროგრესში წამყვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და საფინანსო-სადაზღვევო სექტორებმა.
აღსანიშნავია, რომ მრეწველობის მიმართულებით რეალურ პროგრესს არსებითად შეუწყო ხელი ნავთობპროდუქტების ადგილობრივმა წარმოებამ, რომლის კონტრიბუციამაც მთლიან შიდა პროდუქტში 1.83 პროცენტული პუნქტი შეადგინა”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.