სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შემდეგ სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის ახალქალაქი — ყარსის სარკინიგზო მარშრუტის შესაძლო გახსნის შესახებ, ექსპერტებმა ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის ახალ პერსპექტივებზე დაიწყეს საუბარი. საქართველოს ტრანსპორტის დერეფნების კვლევის ცენტრის დირექტორი, პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ სომხეთიდან დამატებითმა ტვირთნაკადებმა შესაძლოა ბთყ-ის რკინიგზა უფრო მომგებიანი გახადოს და გააძლიეროს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლი.

რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ახალქალაქი — ყარსის სარკინიგზო ხაზი, ისევე როგორც აზერბაიჯანის რკინიგზა, ახლა უკვე ღიაა სომხეთიდან ექსპორტისა და ქვეყანაში იმპორტისთვის.

საქართველოს ტრანსპორტის დერეფნების კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ სომხეთისთვის ბაქო—თბილისი—ყარსის (ბთყ) მარშრუტის განბლოკვა რკინიგზას ტვირთნაკადების ახალ მოცულობას შეუქმნის. მისი თქმით, სომხური ტრანზიტული ნაკადის დამატებით ბთყ უფრო მომგებიანი გახდება.

„მას შემდეგ, რაც ბატონმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბაქო — თბილისი — ყარსის მონაკვეთის განბლოკვა შესაძლებელი გახდა, სავარაუდოდ, ეს შექმნის ახალ ტვირთნაკადს, რომელიც უახლოეს მომავალში სომხეთიდან საქართველოს გავლით, ბთყ-ის საშუალებით, თურქეთის მიმართულებით და პირიქით იმოძრავებს. საქართველოს ეკონომიკისთვის ეს მომგებიანია. ვფიქრობ, ბთყ-ს შესაძლოა 400-დან 500 ათას ტონამდე ტვირთი დაემატოს. მით უმეტეს, რომ დღეისათვის ბთყ სრული დატვირთვით არ მუშაობს. გახსნის შემდეგ დამატებითი ტვირთნაკადები გაჩნდება“, — განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

ამასთანავე, ბაქო—თბილისი—ყარსისა და გიუმრი—ყარსის სარკინიგზო ხაზები კონკურენტულ მარშრუტებად განიხილება.

შეგახსენებთ, რომ გიუმრისა და ყარსს შორის სარკინიგზო მიმოსვლა ამჟამად არ ფუნქციონირებს. სომხეთსა და თურქეთს შორის სასაზღვრო მონაკვეთი 1993 წლიდან დაკეტილია, თუმცა ურთიერთობების ნორმალიზაციის ფონზე, მხარეები ინფრასტრუქტურის აღდგენას განიხილავენ.

2026 წლის მაისში სომხეთის მთავრობამ გამოაცხადა გიუმრი — ახურიკი — აქიაქას მონაკვეთის რეკონსტრუქციის გეგმების შესახებ, თურქეთის ყარსის პროვინციის მიმართულებით. თუმცა, მიმოსვლის სრულფასოვნად დასაწყებად, ტრანსსასაზღვრო მაგისტრალის მცირე მონაკვეთი ჯერ კიდევ აკლია. მარშრუტის მუშაობის განახლება უფრო ფართო რეგიონული სატრანსპორტო პროექტების ნაწილად განიხილება. ფაშინიანის თქმით, თურქულმა მხარემ სამუშაოები უკვე დაიწყო და რკინიგზა გაიხსნება.

„დიახ, ეს კონკურენტი გზაა. თანაც საუბარია არა მხოლოდ გიუმრი — ყარსის ხაზზე. თურქული მხარე ასევე აშენებს ახალ რკინიგზას ნახიჩევანის მიმართულებით და შემდეგ თურქეთის ტერიტორიაზე — ორხაზიანსა და ელექტრიფიცირებულს. ასე რომ, უახლოეს მომავალში სერიოზული კონკურენცია იქნება. თურქეთი უკვე ახორციელებს კონკრეტულ სატრანსპორტო პროექტებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან. თუმცა, კონკურენციის გაძლიერება დადებითად იმოქმედებს რეგიონის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე“, — დასძინა პაატა ცაგარეიშვილმა.