ახალქალაქი და მარნეული საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნისთვის ემზადებიან.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ტრადიციულად ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში — მარნეულსა და ახალქალაქში უმასპინძლებს.
„როგორც ყოველთვის, დაგეგმვის პროცესში ვითვალისწინებთ ამ რეგიონებისა და კონკრეტული თემების ეთნიკურ, ენობრივ და კულტურულ თავისებურებებს. შესაბამისად, ჩვენი ღონისძიებები ძალიან სპეციფიკურია, რადგან აქცენტს ვაკეთებთ ერთიანობისა და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე — ეს არის მთავარი ხაზი, რომელსაც მივყვებით. ორსავე ქალაქში გვექნება ძალიან საინტერესო, მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები, მათ შორის კულტურული, გასართობი და საგანმანათლებლო სივრცეები, მასტერკლასები, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური წარმოდგენები. რა თქმა უნდა, მოსულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ადგილზე იხილონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენა. ორივე ქალაქში მთელი ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულმა სტუმარმა, ასაკის, რელიგიური მრწამსისა თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, თავი ამ დღის სრულუფლებიან მონაწილედ იგრძნოს და სრულად გააცნობიეროს 26 მაისისა და დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობა.
წელს ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ქართულენოვან ღონისძიებებზე, ვინაიდან ის პროგრესი, რაც დღეს გვაქვს ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ თემებში ქართული ენის ცოდნის თვალსაზრისით, გათვალისწინებულია ღონისძიებების ყველა კომპონენტში. მინდა გითხრათ, რომ ქართული ენის შესწავლის ინტერესი ზოგადად ძალიან მაღალია. გარემო იმდენად კარგად და ლამაზად არის მოწყობილი, ხოლო კონსტრუქციები — გაფორმებული, რომ ეს ნამდვილად კიდევ უფრო მეტად მოტივირებადი იქნება მოსახლეობისთვის. ორსავე ქალაქში მოეწყობა ნამდვილი სახალხო დღესასწაული და რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თითოეულმა სტუმარმა იგრძნოს ამ რეგიონების მოსახლეობის სიყვარული და ერთიანობა — საქართველოსადმი სიყვარულით.
17:10 საათზე მთელ ქვეყანაში საზეიმოდ გაჟღერდება სახელმწიფო ჰიმნი. მარნეულში, ისტორიაში პირველად, ჰიმნს ერთად შეასრულებს ეთნიკურად აზერბაიჯანული და ქართული ხმების გუნდი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ჩაერთო ადგილობრივი, ეთნიკურად აზერბაიჯანული გუნდი. მომღერალი შეასრულებს სახელმწიფო ჰიმნს და ეს იქნება მართლაც გრანდიოზული, არა მხოლოდ მუსიკალურად, არამედ შთამბეჭდავად გაფორმებული.
ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყება და საღამოს გალა-კონცერტებით დასრულდება, სადაც ცნობილი მომღერლები და ანსამბლები ყველასთვის ნაცნობ ნაწარმოებებს შეასრულებენ“, — განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა.
ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.