დაპირისპირება 20 დღის ჩვილის გამო – რას ვერ იყოფენ მშობლები და კლინიკა

18.05.2026 Newsroom სიახლე 221
დაპირისპირება 20 დღის ჩვილის გამო – რას ვერ იყოფენ მშობლები და კლინიკა

20 დღის ახალშობილის ოჯახი ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკას გაუფრთხილებლობასა და ბავშვისთვის ტრავმის მიყენებაში ადანაშაულებს. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 20 დღის ჩვილთან დაკავშირებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც ბავშვის მამამ ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა, ახალშობილი კლინიკაში ვირუსით გადაიყვანეს, თუმცა „დღეს ბავშვმა თავის ტრავმა მიიღო“.

„ბავშვი ორი კვირის იყო, როცა სახლში ბრონქებთან დაკავშირებული გართულებები დაეწყო და ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადავიყვანეთ. იქ კი გვითხრეს, რომ თავი აქვს გატეხილი და ახლა ოჯახს ადანაშაულებენ“, – განაცხადა ახალშობილის მამამ.

გარდა ამისა, ოჯახის ახლობლის თქმით, დაზიანება ბავშვმა, სავარაუდოდ, კლინიკაში მიიღო.

„ტრავმა მათ მიაყენეს, მაგრამ ოჯახს აბრალებენ. ბავშვი ჯანმრთელი შევიდა, ვირუსი ჰქონდა, იქიდან კი გატეხილი თავით გამოგზავნეს“, – თქვა ოჯახის ახლობელმა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ბავშვი თბილისშია გადაყვანილი. იგი იაშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსეს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე