16 მაისს, ახალქალაქის ახალგაზრდულმა ცენტრმა (სომხეთის დახმარების საზოგადოება) გიუმრის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებით ცენტრ „ოჯახს“ უმასპინძლა, რათა ერთობლივი საიუბილეო ღონისძიებით, სახელწოდებით „კულტურის ოსტატი“, აღენიშნათ სომხეთის სიმღერისა და ცეკვის დამსახურებული ანსამბლის დამფუძნებლის, სიმღერების ავტორის, კომპოზიტორისა და კანონზე შემსრულებლის, წარმოშობით გიუმრელი ხაჩატურ ავეტისიანის დაბადებიდან 100 წლისთავი.

ღონისძიების განმავლობაში წარმოდგენილი იყო მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, ასევე მოეწყო მხატვრული პლენერი.

გიუმრის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი ცენტრი „ოჯახი“ ნინოწმინდაში „რაფაელ ჯავახი“ ცენტრსაც ეწვია, ასევე გეგმავს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის სტუმრობასაც.

ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა კარინე თადევოსიანმა აღნიშნა, რომ გიუმრის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებით ცენტრ „ოჯახთან“ მათ თანამშრომლობას ხანგრძლივი ისტორია აქვს.

„ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი ცენტრისთვის, ვინაიდან ცენტრ „ოჯახის“ სპეციალისტები ადგილზე აწყობენ მასტერკლასებს სახვით ხელოვნებაში, მეთუნეობასა და ქარგვაში ჩვენი ბავშვებისა და პედაგოგებისთვის, ასევე იწვევენ ჩვენს პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე“, — განაცხადა კარინე თადევოსიანმა.

მან აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება არის ფესტივალი, რომელიც ეძღვნება ხაჩატურ ავეტისიანის დაბადებიდან 100 წლისთავს, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 13 ივნისს გაიმართება, რომელზეც ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრიც არის მიწვეული.

ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი ცენტრ „ოჯახის“ დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა სვეტლანა პეტროსიანმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის წლების განმავლობაში მათ თბილი და მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ ახალქალაქის, ასევე ნინოწმინდისა და ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრებთან.

„ჩვენი თანამშრომლობა არის დიდი და მშვენიერი ხიდი კულტურის ფარგლებში, რომელმაც შვა ნათესაობა, მეგობრობა და ყოველწლიურად, ასეთი ღონისძიებების დროს, ის კიდევ უფრო მტკიცდება“, — თქვა ქალბატონმა სვეტლანა პეტროსიანმა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი ცენტრ „ოჯახის“ დირექტორი არტურ მინასიანი, რომელმაც შეხვედრის ბოლოს მადლობა გადაუხადა სომხეთის დახმარების საზოგადოების ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრს თბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობისთვის.

„ჩვენი ღონისძიების მიზანია ახალ თაობას გავაცნოთ ხაჩატურ ავეტისიანის შემოქმედება და ასევე განვამტკიცოთ სომხური კულტურა“, — განაცხა არტურ მინასიანმა.

ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრი ღონისძიებაზე საცეკვაო ნომრებით წარსდგა, ხოლო გიუმრის ცენტრ „ოჯახის“ აღსაზრდელებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.