საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო 2026 წლის 17 მაისს, ისევე როგორც გასულ წლებში, ლგბტ ადამიანების უფლებების იგნორირების, ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის გაღვივების, დისკრიმინაციული კანონმდებლობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება.

ორგანიზაციის განცხადებით, ლგბტ თემი სამთავრობო პროპაგანდის განსაკუთრებული სამიზნე 2024 წლიდან გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ ადამიანებს მანამდეც უწევდათ სისტემური უთანასწორობისა და დისკრიმინაციის პირობებში ცხოვრება, რასაც სახელმწიფოც უწყობდა ხელს, 2024 წლიდან ხელისუფლებამ დისკრიმინაციული კანონპროექტებისა და კანონების, ასევე სიძულვილის რიტორიკის მეშვეობით, პროაქტიულად დაიწყო ლგბტ თემისგან მტრის ხატის შექმნა.

„დღემდე მოქმედებს 2024 წლის სექტემბერში მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფაქტობრივად აუქმებს ბევრ ფუნდამენტურ უფლებას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას როგორც აქტივისტურ, ისე შემოქმედებით და სამეცნიერო სივრცეებში; კრძალავს ტრანს-სპეციფიკურ ჯანდაცვას, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, და ასევე დაუსაბუთებლად ზღუდავს პირადი და ოჯახური ცხოვრების თავისუფლებას. ეს კანონები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც, რის გამოც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა სახელმწიფოს მათი გაუქმებისკენ.

„ქართული ოცნება“ აღნიშნულ კანონებს ოჯახებისა და ბავშვების უფლებების დაცვის აუცილებლობით განმარტავს. სინამდვილეში, ეს კანონმდებლობა ზიანს აყენებს მათ შორის ბავშვებსაც და მათ უფრო დაუცველსა და მოწყვლადს ხდის ბულინგის, სიძულვილისა და ძალადობის მიმართ.

ბავშვებზე მათი მავნე ზეგავლენის დადასტურებაა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 2024 წლის შემაჯამებელი შეფასებებიც, რომელმაც მოუწოდა საქართველოს, უარი ეთქვა მაშინ ინიციირებულ ჰომოფობიურ/ტრანსფობიურ კონსტიტუციური კანონის პროექტზე, რომელიც შინაარსობრივად იდენტური იყო მოგვიანებით — 2024 წლის სექტემბერში მიღებული კანონისა“, — ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანტიგენდერული რიტორიკა, რომლის შედეგიც კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერის“ გაქრობა გახდა, ნეგატიურად აისახება ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზეც, ხელს უწყობს იმ გენდერული როლების განმტკიცებას, რომლებიც ზრდის ძალადობის მიმართ ტოლერანტობას, საფუძველს უქმნის ძალადობისა და უთანასწორობის საკითხებში გენდერული პერსპექტივის, ასევე სოციალური და კულტურული ფაქტორების იგნორირებას, რაც მნიშვნელოვნად ართულებს პრობლემებთან სისტემურ და ფუნდამენტურ ბრძოლას.

„შემთხვევითი არ არის, რომ ლგბტ თემზე თავდასხმების გაძლიერება დაემთხვა ავტორიტარიზმისკენ მკვეთრ შემობრუნებასა და სხვა რეპრესიული კანონების აგრესიულ მიღებას. გარდა იმისა, რომ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გაძლიერება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სამართალს და საფრთხეს უქმნის ლგბტ ადამიანებს, ის ასევე წარმოადგენს „ქართული ოცნების“ სხვა სერიოზული უფლებადარღვევების გამო კრიტიკისგან ყურადღების გადატანის ინსტრუმენტს, ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს და, შედეგად, თითოეულ ადამიანს, მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ გამოხატვისა, რეჟიმის წინაშე უფრო უმწეოს ხდის“, — ნათქვამია საია-ს განცხადებაში.