უკვე მე-3 წელია, რაც ახალქალაქში მოქმედი სამი საბავშვო ბაღი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების გამო დაკეტილია. ახალი, მე-4 საბავშვო ბაღი კი აშენებულია და ექსპლუატაციაშია გადაცემული, თუმცა ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს. თუ რა მდგომარეობაა ამჟამად სამშენებლო მოედნებზე და რა ეტაპზეა სამუშაოები, ამის გარკვევას №1 და №2 საბავშვო ბაღებში სტუმრობით შევეცადეთ.

2024 წლის ზაფხულში, თითქმის ერთდროულად, სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების მიზნით დაიხურა ახალქალაქის №1, №2 და №3 საბავშვო ბაღები. ამან უკმაყოფილების დიდი ტალღა გამოიწვია როგორც ქალაქის მცხოვრებლებში, ისე სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებს შორის. მომუშავე მშობლების შვილები — დაახლოებით 100 აღსაზრდელი (სულ 571-დან) — ამ ბაღებიდან სხვადასხვა სოფლის სკოლამდელ დაწესებულებებში გადაანაწილეს. თუმცა, ბევრი სკოლამდელი ასაკის ბავშვი მაინც განათლების გარეშე დარჩა. სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, რის შესახებაც Jnews-ი არაერთხელ წერდა.

mank2

ახალქალაქის №1 საბავშვო ბაღის ახალაშენებული შენობა

№1 საბავშვო ბაღის შენობის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა, სამუშაოთა მწარმოებელი (პრარაბი) ადგილზე არ იმყოფებოდა, ხოლო მშენებლებმა ვერ შეძლეს ზუსტი ინფორმაციის მოწოდება სამუშაოების მიმდინარეობის ან დასრულების ვადებთან დაკავშირებით.

mank1

№2 საბავშვო ბაღში შევხვდით სამუშაოთა მწარმოებელს, ჯემალი ხარპინიძეს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამუშაოები ზამთრის პერიოდშიც არ შეჩერებულა.
„რა თქმა უნდა, ცუდი ამინდების გამო გარკვეული შეფერხებები იყო, თუმცა სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და ზამთარშიც არ შეწყვეტილა“.

კითხვაზე, თუ როდის დასრულდება სამუშაოები, მწარმოებელმა ზუსტი პასუხის გაცემა გაძნელდა, თუმცა დაადასტურა, რომ წელს აუცილებლად დაასრულებენ. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ 2027 წლისთვის ყველა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია უნდა გაიაროს. შესაძლოა, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ 2026 წლის ბოლომდე ახალქალაქის სამივე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის №1 და №2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის სახსრებით ხორციელდება. 7 მილიონ 522 ათასი ლარის ღირებულების ტენდერში კომპანია „მედმშენმა“ გაიმარჯვა.

№3 საბავშვო ბაღის მშენებლობას Jnews-ი ცალკე მასალას მიუძღვნის.

რაც შეეხება ახალაშენებულ №4 საბავშვო ბაღს, მისი მშენებლობა ჯერ კიდევ გასულ წელს დასრულდა. შენობა ექსპლუატაციაში ცოტა მოგვიანებით, გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრის გამო შევიდა და მუშაობა 2025 წლის სექტემბერში უნდა დაეწყო. იმის შესახებ, თუ რატომ არ ფუნქციონირებს ბაღი დღემდე, ახალქალაქის მერიაში განგვიცხადეს, რომ ახალ ინვენტარს ელოდებიან.

ამგვარად, ჯერჯერობით რთული სათქმელია, ექნება თუ არა ახალქალაქს მოქმედი სკოლამდელი დაწესებულებები ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის.