კომპანია SJGC ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომწოდებლის მხრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა 8 მაისამდე შეჩერდეს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, ფორსმაჟორული გარემოებების გამო, მიმდინარე წლის 7 მაისის 16:30 საათიდან 8 მაისის 04:00 საათამდე, „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ მაგისტრალური გაზსადენის 131,8 კმ-ზე (აიაზმასთან ახლოს) დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ტარდება.

არსებული ვითარება:

მაგისტრალზე გაზის მიწოდება უკვე შეჩერებულია.

SJGC-ის განმარტებით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის აბონენტები ამჟამად მილებში დარჩენილ ნარჩენ გაზს მოიხმარენ.

გაზმომარაგება სრულად შეწყდება მას შემდეგ, რაც მილებში არსებული მარაგი ამოიწურება.

სხვადასხვა ლოკაციაზე გაზი შესაძლოა სხვადასხვა დროს გაითიშოს, რაც დამოკიდებულია აბონენტების მიერ მოხმარების ინტენსივობაზე.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ გაზის მიწოდება მაგისტრალზე დათქმულ დროში — 8 მაისის 04:00 საათისთვის აღდგება, რის შემდეგაც SJGC შეძლებს აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების განახლებას.