ახალი ზელანდიის ავიაკომპანია, Air New Zealand მგზავრებისთვის ახალი სერვისის, Skynest-ის შეთავაზებას იწყებს. კერძოდ, მეტად შორი რეისების ეკონომკლასის ადგილებზე სპეციალური საძინებელი მოდულები შეიქმნა.
Skynest-ის ადგილები მატარებლის საპლაცკარტე ვაგონების ღია კუპეებს წააგავს. ავიაკომპანიამ თავისი ფართოკორპუსიანი Boeing 787-9-ის თვითმფრინავების სალონის ცენტრში ორ რიგად და სამ იარუსად ექვსი საძინებელი ადგილი განათავსა. თითოეული ადგილი ბალიშით, თეთრეულით, განათებით, დენის წყაროთი, ვენტილაციითა და პრივატულობისთვის შტორით (ფარდით) არის აღჭურვილი.
Air New Zealand ნოემბრიდან დაწყებული ფრენებისთვის საძინებელი ადგილების დაჯავშნას მიმდინარე თვეში დაიწყებს. თავდაპირველად ახალი სერვისი მხოლოდ ოკლენდსა და ნიუ-იორკს შორის ულტრაშორისი ფრენებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
სერვისი, Skynest მთელი ფრენის განმავლობაში საწოლში ყოფნას არ გულისხმობს. მგზავრებს შეუძლიათ, თითო ფრენაზე Skynest-ის ერთი ოთხსაათიანი სესია დაჯავშნონ, რომლის ფასიც 250 დოლარიდან იწყება. თითო ფრენაზე ორი სესია არის ხელმისაწვდომი. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ რეისზე Skynest-ში დასვენებას ეკონომკლასის 280 მგზავრიდან, მაქსიმუმ, 12 შეძლებს.
მგზავრებს, რომლებსაც ოთხ საათზე მეტხანს სურთ დასვენება, ალტერნატიული სერვისის, Economy Skycouch-ის დაჯავშნა შეუძლაით. ეს სერვისი საშუალებას იძლევა, ერთმა მგზავრმა ერთბაშად სამი ადგილი დაჯავშნოს, რომლის საწოლად გადაკეთებაც არის შესაძლებელი.
ცნობისთვის: Air New Zealand-მა ახალი სერვისის დანერგვას, თითქმის, ათი წელი მოანდომა. ავიაკომპანიამ ეკონომკლასში Skynest-ის საწოლი ადგილების კონცეფცია პირველად 2020 წელს, სამწლიანი განვითარების შემდეგ წარადგინა. Air New Zealand სერვისის დანერგვას 2024 წელს გეგმავდა, როცა რეისზე ოთხსაათიანი დასვენების ფასი 400-600 დოლარიდან უნდა დაწყებულიყო.
წყარი BPN.GE