2026 წლის 30 ივნისიდან დსთ-ს ქვეყნებიდან და საქართველოდან საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული მძღოლებისთვის რუსეთში ყოფნის მაქსიმალური ვადა გაორმაგდა და წელიწადში 90-დან 180 დღემდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამისი დადგენილება რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.

TCRC-ს ცნობით, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთში ხანგრძლივი ყოფნის უფლების განსახორციელებლად უცხოელმა მძღოლებმა რუსეთის ფედერაციაში შესვლისას დამატებითი დოკუმენტები უნდა წარადგინონ, მათ შორის მართვის მოწმობის ასლი, ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და გადაზიდვის თანმხლები საერთაშორისო სასაქონლო ზედნადები.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვრიდან რუსეთმა რეგისტრაციის გარეშე უცხოელი მოქალაქეების ყოფნის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში 180 დღიდან 90 დღემდე შეამცირა. ეს ცვლილება შეეხო ქართვე გადამზიდავებსაც. აღსანიშნავია, რომ 90-დღიანი ვადა საკმარისი არ იყო რიგ შემთხვევებში, რის გამოც ფიქსირდებოდა მძღოლების როგორც დაჯარიმების, ასევე დეპორტაციის შემთხვევები.

გთავაზობთ, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ პუბლიკაციას, რუსეთის მიერ მიღებულ ახალ გადაწვეტილებაზე:

„რუსეთში უვიზოდ გადაზიდვების განმახორციელებელი უცხოელი მძღოლებისთვის წელიწადში ლეგალური 90-დღიანი ლიმიტის დაცვა უაღრესად რთული აღმოჩნდა.

მძღოლების მიმართ დეპორტაციისა და ჯარიმების ამოქმედებამ, პირველ რიგში, მიწოდების შეფერხებები, სატრანსპორტო კომპანიებისთვის ხარჯების ზრდა და მარშრუტებზე მძღოლების დეფიციტი გამოიწვია.

ამ პრობლემების ერთობლიობამ კი რუსეთისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გადაზიდვები მყისეულად დაამუხრუჭა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცალსახად განაცხადა, რომ 90-დან 180 დღემდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება არის მცდელობა, აღადგინოს ნორმალური სატრანზიტო ოპერაციები, შეამციროს მიგრაციის რეგულაციების დარღვევები და გადამზიდავების ხარჯები, ასევე მოახდინოს მიწოდების სქემების სტაბილიზაცია. ერთობლიობაში კი უზრუნველყოს საერთაშორისო გადაზიდვების შეუფერხებელი მოძრაობა.

საქართველოსთან მიმართებით იმიგრაციის პოლიტიკის აღდგენით რუსეთმა, ბუნებრივია, უფრო მეტი მოიგო.

რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს, თავიდანვე გაურკვეველი იყო რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რადგან არსებული სტატისტიკით რუსეთში ყველაზე დატვირთულ საავტომობილო საკონტროლო–გამშვებ პუნქტს არა ჩინეთის საზღვარზე მდებარე ზაბაიკალსკი, არამედ საქართველოს საზღვართან განლაგებული ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი წარმოადგენდა.

ყველა სხვა სახმელეთო გადასასვლელს შორის სწორედ ზემო ლარსმა გაატარა ყველაზე მეტი სატვირთო ავტოტრანსპორტი. საქართველოს დერეფანი ამ ეტაპზე რუსეთისთვის თურქეთთან დამაკავშირებელ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას წარმოადგენდა. მაგრამ საერთო პოლიტიკიდან გამომდინარე ზემო ლარსის გამოყოფა შეუძლებელი იყო.

სანქციების შედეგად ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთიდან/სკენ ზემო ლარსით გავლით გადაიზიდება. ამ ნაბიჯით რუსეთმა, პირველ რიგში, ამ ქვეყანასთან მისთვის სტრატეგიული იმპორტის სტაბილიზაცია და პარალელური მიწოდება აღადგინა.

რუსეთისთვის, მიუხედავად ზემო ლარსზე კლიმატური სირთულეებისა, მნიშვნელოვანია საქართველოს გავლით საავტომობილო დერეფანზე დაწოლის შემცირება და დერეფნის თურქეთისთვის გამოთავისუფლება, ამიტომაც რუსეთი მაქსიმალურად დაინტერესებულია, სომხეთის ტვირთი, ნაცვლად ზემო ლარსისა, შემოვლით აზერბაიჯანზე გამავალი სარკინიგზო მიმართულებით გადართოს.

უკვე ნათლად გამოჩნდა სომხეთისთვის ზემო ლარსის ნაცვლად შემოვლითი სარკინიგზო დერეფნით ნავთობპროდუქტების, მარცვლეულის და სასუქის მიწოდების სტაბილური გადაზიდვები, რომლებიც საქართველოს სახმელეთო დერეფნისთვის დანაკლისს წარმოადგენს.

დასკვნის სახით – იმიგრაციის პროცესის უკან დაბრუნებით რუსეთმა ფაქტობრივად მისი პოლიტიკის „სისტემური კრახი“ აღიარა და საკუთარი ლოგისტიკის გამოსწორების მიმართულებით იძულებითი ნაბიჯი გადადგა,“ – ნათქვამია TCRC-ს პუბლიკაციაში.
წყარო Bpn.ge