სასმელებისა და წყლის პლასტმასის ბოთლებით გაყიდვის აკრძალვა 4 წლით გადაიწია. მთავრობამ შესაბამისი დადგენილება უკვე გამოსცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რეგულაციის ძალაში შესვლის ბოლო ვადად 2031 წლის 1 თებერვალი განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ 3 ლიტრამდე მოცულობის სასმელი წყლის, ასევე 20 ლიტრამდე მოცულობის ალკოჰოლური, უალკოჰოლო და გაზიანი სასმელების პლასტმასის ბოთლებით წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (ექსპორტის გარდა) 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო. თუმცა, მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ ბიზნესის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია, რის გამოც რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.
მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად, მთავრობამ ამ დადგენილების ამოქმედების გადავადება გადაწყვიტა.
„როგორც იცით, პლასტმასის მოხმარება აზიანებს როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე გარემოს. პლასტმასის მოხმარების შესამცირებლად უკვე გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება“, — აღნიშნა პრემიერმა.
თუმცა, ამავდროულად აუცილებელია ამ პროცესთან დაკავშირებული თანმდევი ფაქტორების გათვალისწინება, მათ შორის ბიზნესის სუბიექტური ინტერესების, ისევე როგორც კონკრეტული ნორმატიული აქტების შესაძლო გავლენის სამომხმარებლო ფასებზე.
„ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ბიზნესსექტორთან. ამისთვის მადლობას ვუხდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პლასტმასის ბოთლებით სასმელების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლა 4 წლით, 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდეს“, — განაცხადა კობახიძემ.