ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ტრანსპორტირების მომსახურების ტენდერის თანხა კიდევ 15 000 ლარით გაზარდა. მონაწილეების არარსებობის გამო ჩაშლილი სამი კონკურსის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი ბიუჯეტი — 79 999 ლარი — კომპანიებს მონაწილეობით დააინტერესებს.

პირველი ტენდერი 9 თებერვალს გამოცხადდა 49 999 ლარის ბიუჯეტით. მეორედ კონკურსი 26 თებერვალს იმავე თანხით გამოცხადდა. მესამედ, 20 მარტს, ბიუჯეტი 15 000 ლარით გაიზარდა და 64 999 ლარი შეადგინა. თუმცა, სამივე შემთხვევაში სატენდერო განაცხადი არ შესულა და ტენდერები არშემდგარად გამოცხადდა.

ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად, როგორც შემსყიდველები, ისე პოტენციური შემსრულებლები, საწვავის ფასების არასტაბილურობას ასახელებენ.

2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ გამართულ ბოლო სხდომაზე, რომელიც 30 აპრილს შედგა, დეპუტატებმა თანხის მორიგი ზრდა — კიდევ 15 000 ლარით — შეათანხმეს.

ვინაიდან ბიუჯეტი უკვე მეორედ იზრდება, ხოლო კონკურსი შესაძლოა კვლავ არ შედგეს, დეპუტატები დაინტერესდნენ, რა ნაბიჯებს გადადგამს ადგილობრივი ხელისუფლება, თუ კომპანიები განაცხადებს ამჯერადაც არ შეიტანენ. თუმცა, მათ ამ კითხვაზე პასუხი არ მიუღიათ.

მერიის ინფორმაციით, ახალი ტენდერის გამოცხადება მომავალ კვირას იგეგმება. მუნიციპალიტეტში იმედოვნებენ, რომ თანხის მორიგი მატების შემდეგ კომპანიები მონაწილეობის ინტერესს გამოიჩენენ.

აღსანიშნავია, რომ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მომსახურება მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდება. ასევე, დოკუმენტაციაში მითითებულია გადაზიდვების საერთო მოცულობა — 30 045 კილომეტრი.