აზერბაიჯანის პარლამენტმა — მილი მეჯლისმა — ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა; ასევე, დაიწყება „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეიდან გამოსვლის პროცედურა.

შესაბამის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისი უცხო ქვეყნების პარლამენტებთან და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში ხელმძღვანელობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების პრინციპებით, ასევე ხელს უწყობს ღია, გულწრფელ და კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც ეფუძნება საპარლამენტო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს. აზერბაიჯანული მხარის მოსაზრებით, ევროპარლამენტის დესტრუქციული პოზიცია ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და თანამშრომლობის განვითარების მთავარ დაბრკოლებად იქცა.

„ევროპარლამენტის საქმიანობის არსი მდგომარეობს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, ასევე სამართლიანობის კონცეფციის კატეგორიულ უარყოფაში. ეს ინსტიტუტი დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდა სომხეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების 30-წლიან ოკუპაციას, ასობით ჩვენი ქალაქისა და სოფლის, ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლის განადგურებას, ეთნიკურ წმენდასა და მილიონზე მეტი ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უფლებებს. ევროპარლამენტთან თანამშრომლობის პლატფორმები — ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი და „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეა — გადაიქცა ზეწოლის, შანტაჟისა და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის ინსტრუმენტებად“, — ნათქვამია მილი მეჯლისის განცხადებაში.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩი მარიანა კუიუნჯიჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მკაცრად დაიგმო 30 აპრილს ევროპარლამენტის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაში არსებული უსაფუძვლო და მიკერძოებული დებულებები, რის გამოც მეორე მხარეს საპროტესტო ნოტა გადაეცა.