1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ტაქსის მძღოლები საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად აქციებს გეგმავენ.
დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ლაბორის“ განცხადებით, მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში მძღოლები:
09:00 საათიდან გამორთავენ სამუშაო აპლიკაციებს;
15:00 საათიდან კი დიდ ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებს გამართავენ.
თბილისში პროტესტს კურიერებიც შეუერთდებიან — ისინი 12:00 საათზე შეიკრიბებიან და მძიმე შრომით პირობებს გააპროტესტებენ.
ამავე დღეს მოსალოდნელია „გურია ექსპრესის“ თანამშრომელთა გაფიცვაც. გარდა ამისა, დაანონსებულია დამოუკიდებელი და თავისუფალი პროფკავშირების კონფედერაციის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში ერთ-ერთი კერძო კომპანიის ტაქსის მძღოლებმა აქცია უკვე სამჯერ გამართეს. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გაზრდას ითხოვენ, თუმცა, მათივე თქმით, დამსაქმებლებს მოთხოვნებზე რეაგირება ჯერ არ მოუხდენიათ.