30 აპრილს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სკოლის მოსწავლეების მშობლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

„მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები და სამომავლო გეგმები გააცნო.

აქცენტი გაკეთდა სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობაზე. მინისტრის თქმით, რეფორმების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლების აზრისა და პოზიციების გათვალისწინება, რათა განათლების სისტემა მაქსიმალურად მოერგოს თითოეული მოქალაქის საჭიროებებს.

საუბარი შეეხო სასკოლო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას, სახელმძღვანელოების განახლებას, სასკოლო ფორმებსა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის დელეგატი სამველ მანუკიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.