შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ მემანიშვილის განცხადებით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმავე სირთულის ტესტები იქნება, როგორიც გასულ წლებში იყო.

გარდა ამისა, როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არ შეცვლილა არც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი კარგად მიმდინარეობს. ეს საკმაოდ აქტიური პროცესია. რაც შეეხება ტესტებს, ისინი იმავე სირთულის იქნება. ყოველწლიურად ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სირთულის ტესტები დგება. რეფორმა არანაირად არ უკავშირდება არც მათ გართულებას და არც გამარტივებას, ტესტები სირთულის თვალსაზრისით იგივე რჩება. არ შეცვლილა არც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ეროვნულ ნაწილში ის ისეთივეა, როგორიც ადრე იყო და დადგენილია საგნების შესაბამისად“, – განაცხადა მემანიშვილმა.

ცნობისთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 4 აპრილს დაიწყო და 11 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება.