დღეს, 30 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს მორიგი სხდომა და საერთო სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში სამი საკითხი იყო წარმოდგენილი და დეპუტატებმა სამივე მათგანი დაამტკიცეს. გარდა ამისა, სხდომების მსვლელობისას განიხილეს ნაგვის გატანის, ბილინგის სისტემის დანერგვისა და ფერმერების მხარდაჭერის საკითხები.

ცვლილებები 2026 წლის ბიუჯეტში
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, კარენ მერგელიანმა წარადგინა. მან ასევე უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

ცვლილებების თანახმად:

12 000 ლარი გამოიყო მერიისა და საკრებულოსთვის საქართველოს რუკის ფორმის საათების შესაძენად, ასევე ახალქალაქის ციხეზე აღმართული სახელმწიფო დროშის განსაახლებლად;

27 900 ლარი გათვალისწინებულია ახალი ნაგავმზიდი მანქანის მომსახურე პერსონალის (მძღოლისა და ორი მუშის) შრომის ასანაზღაურებლად;

60 000 ლარი გამოიყო პარკებში, სპორტულ მოედნებსა და სხვა მუნიციპალურ ობიექტებში არსებული ინვენტარის შესაკეთებლად;

8 000 ლარი მიიმართა სოფელ კარწახისთვის ტუმბოების (ნასოსების) შესაძენად;

კიდევ 15 000 ლარი დაემატა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სატრანსპორტო მომსახურებისა და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების ხარჯებს.

2025 წლის პროგრამული ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

ეს საკითხიც კარენ მერგელიანმა წარადგინა. შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვის შემდეგ, დეპუტატებმა პროგრამული ბიუჯეტის შესრულება დადებითად შეაფასეს. კარენ მერგელიანის თქმით, დეტალური ანგარიში განთავსებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუნიციპალური ტერიტორიის იჯარით გადაცემა

მესამე საკითხი ეხებოდა იმ მუნიციპალური ტერიტორიის იჯარით გადაცემას, რომელზეც კაფე Yammi ფუნქციონირებს. საუბარი იყო 18 კვადრატული მეტრის ფართობზე. წინასწარი განხილვით, იჯარის ვადად ხუთი წელი განისაზღვრა, ხოლო ყოველთვიურ გადასახადად -151,1 ლარი.

ბიუროს სხდომაზე წამოჭრილი საკითხები

ბიუროს სხდომაზე, რომელსაც სერვის-ცენტრის დირექტორი მხითარ რსტაკიანი ესწრებოდა, განიხილეს იურიდიული პირების მიერ ნაგვის გატანის საფასურის გადახდის, სოფლებიდან მოსაკრებლის ამოღებისა და ბილინგის სისტემის დანერგვის საკითხები.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, არმენ მარანგოზიანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია რაც შეიძლება მალე მოიძებნოს ამ სისტემის დანერგვის მექანიზმი. მისი თქმით, მოსახლეობიდან თანხების ეფექტური ამოღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი შეძლებს ახალი ნაგავმზიდი მანქანების შეძენას.

დეპუტატი გიორგი პეტროსიანი დაინტერესდა მისივე ინიციატივის ბედით, რომელიც მუნიციპალიტეტში სპორტული დღის გამართვას ეხებოდა. ასევე, მან გააჟღერა ქალაქის სამხრეთ ნაწილში, აღმაშენებლის ქუჩის 38/26-ში მცხოვრები მოქალაქეების თხოვნა ტროტუარის მოწყობის შესახებ.

საკრებულოს თავმჯდომარემ, რუბენ ფალიანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ინფორმირებულია ამ პრობლემის შესახებ და მისი გადაჭრის გზებს ეძებს.

კარტოფილის რეალიზაციის პრობლემები

საერთო სხდომაზე აზავრეთის ტერიტორიული ერთეულის დეპუტატმა, სიპან შიპაქციანმა დასვა კითხვა, თუ რა ნაბიჯებს დგამს ადგილობრივი ხელისუფლება ფერმერების დასახმარებლად, კერძოდ, კარტოფილის რეალიზაციის საკითხში.

რუბენ ფალიანმა უპასუხა, რომ მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემა უმჯობესდება:
„ჩვენი ყველა პროგრამა მიმართულია იქითკენ, რომ მიწათმოქმედთა პროდუქციის თვითღირებულება შემცირდეს“.

არმენ მარანგოზიანმა დაამატა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტთან, რამაზ გოგოლაძესთან შეხვედრისას განიხილეს სერიოზული პრობლემა — კარტოფილის ნათესი ფართობების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა.

მარანგოზიანის თქმით, რამაზ გოგოლაძემ აღნიშნა, რომ სოფლის რწმუნებულები არაზუსტ ინფორმაციას აწვდიან, რომელიც შემდეგ სამინისტროში იგზავნება. შედეგად, სახელმწიფო იმაზე მეტი კარტოფილის იმპორტს ახორციელებს, ვიდრე საჭიროა, ჯავახეთის ფერმერების პროდუქცია კი რეალიზაციის გარეშე რჩება.

კარტიკამის ტერიტორიული ერთეულის დეპუტატი, გენადი ელიზბარიანი ამ შეფასებას არ დაეთანხმა:
„იმის ნაცვლად, რომ სოფლის რწმუნებულებს ჰკითხონ, ცენტრის თანამშრომლები თავად უნდა დადიოდნენ სოფლებში და აგროვებდნენ ინფორმაციას. ისინი მონაცემებს კაბინეტებში ჯდომით აგროვებენ, სწორედ ამიტომ იღებენ არასწორ ციფრებს“, – განაცხადა გენადი ელიზბარიანმა.

სხდომის მსვლელობისას კიდევ ბევრი კითხვა გაჟღერდა, რომლებზეც დამსწრეებმა პასუხის გაცემა ვერ შეძლეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ, რუბენ ფალიანმა განაცხადა, რომ მომავალ სამუშაო შეხვედრებზე მოიწვევენ სპეციალისტებს, რომლებიც დეპუტატების მიერ წამოჭრილ ყველა კითხვას უპასუხებენ.