უკვე მეორე დღეა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირდაპირ ეთერში კითხულობს და განმარტავს მმართველი ძალის წინასაარჩევნო პროგრამის ცალკეულ დებულებებს. სხვა საკითხებთან ერთად, „სამოქალაქო ხელშეკრულების“ (ՔՊ) მიერ წარდგენილ პროგრამაში საუბარია ეკლესიის რეფორმირების დღის წესრიგზეც.

აღნიშნულია, რომ მმართველი ძალა იღებს „საგზაო რუკას“, რომლის მიხედვითაც, „ეკლესიის ფაქტობრივი მეთაური“, კათოლიკოსი გარეგინ II უნდა გადადგეს, აირჩეს კათოლიკოსის მოსაყდრე, მიღებულ იქნას ეკლესიის ახალი წესდება და ამის შემდეგ ჩატარდეს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის არჩევნები.

„ჩვენ მივმართავთ ხალხს, რადგან, დიახ, ეკლესია, პირველ რიგში, ხალხია და არჩევნებიც, დიდი ანგარიშით, სამართალია. ხალხი კი, როგორც ლეგიტიმურობისა და მართლწესრიგის ძირითადი წყარო, ასევე მოსამართლეცაა. ხალხმა მომავალ არჩევნებზე სამართლიანი განაჩენი უნდა გამოიტანოს“, — ასე განმარტა ფაშინიანმა კათოლიკოსის გადაყენების საკითხის წინასაარჩევნო პროგრამაში შეტანა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან, თუმცა ის ვერ იქნება სახელმწიფოზე მიღმა.

„უფრო მეტიც, ეკლესია ვერ იქნება სახელმწიფო სახელმწიფოში“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

წმინდა ეჩმიაძინმა უკვე დაგმო „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წინასაარჩევნო პროგრამა და აღნიშნა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ეკლესიის წინააღმდეგ „აშკარა უკანონო ქმედებების გაგრძელების წინასაარჩევნო დაპირებებით“ გამოდის.

„ეკლესია პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს“ — რა წერია პროგრამაში?

„სამოქალაქო ხელშეკრულების“ წინასაარჩევნო პროგრამაში გაწერილია 2026-2031 წლების საკვანძო გეგმები. ერთ-ერთი მათგანი განსაზღვრულია, როგორც „ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება“.

„ღირებულებებზე დაფუძნებული სულიერი ცხოვრების პრობლემის გადასაჭრელად, სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიის რეფორმირება სასიცოცხლო აუცილებლობაა“, — ნათქვამია დოკუმენტში.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ „ეკლესიის ფაქტობრივი ხელმძღვანელობის“ საქმიანობის შედეგად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მორწმუნე საზოგადოება გაუცხოვდა და კვლავაც უცხოვდება ეკლესიისგან, რაც ასევე წარმოადგენს „სულიერი უსაფრთხოების პრობლემას“:

„ამან შექმნა შესაძლებლობა, რომ საგარეო ძალებს ეცადათ, სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესია სომხეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ბრძოლის საყრდენად ექციათ“.

პროგრამის თანახმად, „სამოქალაქო ხელშეკრულება“  იღებს შემდეგ „საგზაო რუკას“:

ეკლესიის ფაქტობრივი მეთაურის გადაყენება;

დადგენილი წესით კათოლიკოსის მოსაყდრის არჩევა;

ეკლესიის წესდების მიღება (წესდებით უნდა განისაზღვროს ფინანსური გამჭვირვალობის, დადგენილი პრინციპების დაცვისა და სასულიერო პირთა კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის მექანიზმები);

დადგენილი წესით ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის არჩევა.

წინასაარჩევნო პროგრამაში ხაზგასმულია, რომ სომხეთი სეკულარული სახელმწიფოა, რელიგიური ორგანიზაციები კი გამოყოფილია სახელმწიფოსგან. ასევე დაფიქსირებულია, რომ პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“ პატივს სცემს ყველა მოქალაქის აღმსარებლობისა და რელიგიური მრწამსის თავისუფლებას.

„ეკლესიის რეფორმირების დღის წესრიგი ემსახურება სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის სრულ აღდგენას ეკლესიის პოლიტიკიდან გამოყვანის გზით“, — აღნიშნულია პროგრამაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა დაიწყებენ მუშაობას სასულიერო პირების სოციალური გარანტიების სახელმწიფო სისტემაში ინტეგრირებაზე.

ფაშინიანი: „რეფორმის დღის წესრიგი ეკლესიის წინააღმდეგ არ არის მიმართული“
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეფორმების დღის წესრიგი მიმართულია არა ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის საკეთილდღეოდ.

„ეკლესია, პირველ რიგში, მორწმუნე მრევლია, ხალხია. დიახ, სასულიერო პირები ეკლესიის ნაწილი არიან, მაგრამ ისინი არ არიან თავად ეკლესია – ეკლესია ხალხია“, – განმარტა მან.

ფაშინიანის შეფასებით, ეკლესიის „მოქმედი მეთაურის“ საქმიანობის შედეგად სულ უფრო სუსტდება კავშირი ეკლესიასა და ხალხს შორის, ასევე იკლებს სომხეთში სულიერი ცხოვრების შინაარსი.

იგი მიიჩნევს, რომ ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები იქნება ერთგვარი „განაჩენი“ გასული პერიოდის პოლიტიკურ საქმიანობაზე – როგორც მმართველი უმრავლესობისა და სხვა პოლიტიკური ძალების, ისე კონკრეტული „პოლიტიკური დღის წესრიგების“ მიმართ:

„მოქალაქეებმა უნდა გასცენ პასუხი კითხვას: რამდენად მისაღებია მათთვის, რომ კტრიჭ ნერსისიანმა [კათოლიკოსის საერო სახელი] უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც სომხეთში ეკლესია პოლიტიკურ პარტიად აქცია?“

მთავრობის მეთაურის რწმენით, ეკლესია ოფიციალურად არის ჩაბმული პოლიტიკურ საქმიანობაში და ნაცვლად სულიერი ქადაგებისა, პოლიტიკურ აგიტაციას ეწევა. მისი თქმით, ისინი ხშირად კვეთენ კანონის ზღვარს, რასაც შესაბამისი შედეგები უნდა მოჰყვეს.

ამ კონტექსტში ნიკოლ ფაშინიანი ასევე შეეხო საზოგადოებაში ღირებულებების ნაკლებობას და იკითხა: როგორაა შესაძლებელი გვყავდეს ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება, თუკი „წმინდათა წმინდა“ – ეჩმიაძინის დედასაყდარი – „სნეულია“?

„მე ეს ვერ წარმომიდგენია. ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზე სომხეთის რესპუბლიკის ხალხმა ეს საკითხიც უნდა გადაჭრას“, – დაასკვნა მან.

„ეს არის ეკლესიის თვითმმართველობის უფლების შელახვა“ -დედასაყდრის პასუხი
მმართველი ძალის წინასაარჩევნო პროგრამის გამოქვეყნების შემდეგ, ეჩმიაძინის წმინდა დედასაყდარმა განცხადება გაავრცელა, სადაც მკაცრად დაგმო პროგრამაში ეკლესიის შესახებ „მიუღებელი დებულებების“ შეტანა.

ეკლესიის რეფორმირების, წესდების გადახედვის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გადაყენებისა და ახალი არჩევნების ჩატარების დღის წესრიგს მათ „თავსმოხვეული“ უწოდეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი ჩანაწერები არის კონსტიტუციური წესრიგის, ეკლესიის თვითმმართველობის უფლებისა და სინდისისა და რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ფუნდამენტური პრინციპების აშკარა შელახვა.

დედასაყდრის შეფასებით, პოლიტიკური სპეკულაციების საგანი არ უნდა გახდეს „ეკლესიის ათასწლოვანი მისია, მისი წმინდა ტრადიციები და სულიერი ცხოვრება“:

„კათოლიკოსის არჩევა და საეკლესიო წიაღში ნებისმიერი რეფორმა ექსკლუზიურად სულიერ-კანონიკურ სფეროს განეკუთვნება, შესაბამისად, იგი პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფო ხელისუფლების კომპეტენციის ფარგლებს გარეთაა“.

განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ არჩეულია „კანონსაწინააღმდეგო მოქმედების სტილი“, რომელიც ეწინააღმდეგება მსოფლიოს მასშტაბით მიმოფანტული სომეხი ხალხის ინტერესებს, საფრთხეს უქმნის ეროვნული ღირებულებების საფუძვლებს და არღვევს სულიერ უსაფრთხოებას.

კონტექსტი
უკვე დიდი ხანია, რაც ფაშინიანი კათოლიკოსის გადაყენების თემას დღის წესრიგში აქტიურად ტოვებს. თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი აღნიშნავდა, რომ გარეგინ II უნდა გადადგეს, რადგან მან დაარღვია უცოლობის აღთქმა და ჰყავს ქალიშვილი. მოგვიანებით ამ ბრალდებას კიდევ ერთი დაემატა, თითქოს კათოლიკოსი ყოველდღიურ რეჟიმში აბარებს ანგარიშს უცხოური სპეცსამსახურების ლეიტენანტებს. ეს, არსებითად, ნიშნავს, რომ ქვეყნის მეთაური სულიერ ლიდერს უცხოური გავლენის აგენტობაში სდებს ბრალს.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აგენტობაში ასევე დაადანაშაულა კათოლიკოსის ძმა – რუსეთისა და ახალი ნახიჩევანის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი ეზრა ნერსისიანი.

2025 წლის მიწურულს, 20 დეკემბერს, ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა საიტმა civic.am-მა გამოაქვეყნა დოკუმენტის ასლი, რომლის მიხედვითაც ნერსისიანი თანამშრომლობდა სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან (კგბ) და ჰქონდა ფსევდონიმი „კარო“. მიუხედავად ამ პუბლიკაციისა, ეროვნულ უსაფრთხოების სამსახურს ჟურნალისტებისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია გარეგინ II-ისა და მთავარეპისკოპოს ეზრას უცხოურ სპეცსამსახურებთან კავშირების შესახებ. უწყებაში მხოლოდ აღნიშნეს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება.