დააკავეს პირი, რომელიც დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ და ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ყალბი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეებს ეროვნული სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უწყების გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, არჩილ ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გენერალური ინსპექციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და გენერალური პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია ერთი პირი — 1959 წლის 25 ივნისს დაბადებული ვ.შ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.შ. დაეხმარა 30-ზე მეტ პირს და თაღლითური გზით, ჯამში, 100 000 ლარზე მეტ თანხას დაეუფლა. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 6168,50 ლარი, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას — 105 000 აშშ დოლარი, 50 000 ლარი და დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება — მარიხუანა.
დაკავებულისა და მისი თანამზრახველების მიმართ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე თვის განმავლობაში კანონით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც შესაძლოა გაფართოვდეს ჩართულ პირთა წრე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია მსგავს ნებისმიერ გამოვლინებაზე უკომპრომისო რეაგირებას მოახდენს და კანონის სრული სიმკაცრით იმოქმედებს“, — განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.