ახალქალაქში, ყოფილი №1 სამხედრო დასახლების მცხოვრებლები დანგრეულ ეზოებსა და კეთილმოწყობის არარსებობაზე ჩივიან. მათი თქმით, წვიმების შემდეგ სადარბაზოებთან არსებული ტერიტორია გაუვალ გუბეებად იქცევა ხოლმე, თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები მხოლოდ საკანალიზაციო სისტემის შეცვლის შემდეგ დაიწყება.
ყოფილი №1 სამხედრო დასახლების მცხოვრებლები ტერიტორიის უკიდურესად ცუდ მდგომარეობაზე საუბრობენ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სადარბაზოების შესასვლელებთან: ეზოებში გაჩენილია დიდი ორმოები, რომლებიც წვიმის დროს პატარა ტბებად ივსება.
№495 კორპუსის მცხოვრებმა, სემა ჩობანიანმა რედაქციას წერილით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ ყოფილი სამხედრო დასახლების პრობლემებს უკვე ორ წელზე მეტია ყურადღებას არავინ აქცევს.
„№495 შენობის წინ, სადაც ჩემი ოთხი შვილი და სხვა ბავშვები თამაშობენ, დაგროვილი წყლის გამო ხუთი წუთითაც კი შეუძლებელია სუფთად დარჩენა. თუ შესაძლებელია, გთხოვთ, ხელი შეუწყოთ ეზოს კეთილმოწყობას“, — ნათქვამია წერილში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვითარება თითქმის ყველა ეზოშია. სხვადასხვა ზომის ორმოები წვიმის წყლით ივსება, რაც ტერიტორიაზე გადაადგილებას ართულებს.
ყოფილი სამხედრო დასახლების კეთილმოწყობა მრავალი წელია არ განხორციელებულა. ბოლოს სამუშაოები 2015 წელს ჩატარდა — მაშინ დაიგო ცენტრალური ქუჩის ასფალტი, რომელიც დღეს უკვე კვლავ რეაბილიტაციას საჭიროებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში Jnews-ს განუცხადეს, რომ ტერიტორიის კეთილმოწყობა მხოლოდ საკანალიზაციო სისტემის სრული შეცვლის შემდეგ დაიწყება. მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, მნაცაკან ფამბუხჩიანმა განმარტა:
„წელს ყოფილ სამხედრო დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის შეცვლა იგეგმება. ყველა კორპუსის ეზო გაითხრება და კეთილმოწყობის სამუშაოები მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება“, — აღნიშნა მან.