შავ ზღვაში ნავთობის ლაქა, რომელიც რუსული ტანკერის, „სოფიას“ დაღვრისა და ტუაფსეს პორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად წარმოიქმნა, საქართველოს სანაპიროსკენ მოემართება. ეკოლოგები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ დაბინძურება საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკოსისტემას და შესაძლოა ქვეყნის ნაპირებს უახლოეს დღეებში მიაღწიოს.
როგორც გამოცემა „მედუზა“ BBC Russia-ზე დაყრდნობით იუწყება, სავარაუდოდ, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „სოფია“ გახდა ნავთობის იმ გიგანტური ლაქის წყარო, რომელიც გასული კვირის ბოლოს ანაპის მახლობლად აღმოაჩინეს. ნედლი ნავთობის ან მაზუთის დაღვრა თანამგზავრმა Sentinel-1-მა 7 აპრილის საღამოს დააფიქსირა.
14 აპრილისთვის ნავთობის ლაქამ 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი დაფარა და დაშლა დაიწყო. დაბინძურების ნაწილი ქარმა უტრიშის ბუნებრივი ნაკრძალისკენ წაიღო. წინასწარი შეფასებით, ზღვაში შესაძლოა 300-დან 350 ტონამდე ნავთობპროდუქტი ჩაღვრილიყო, საიდანაც წყლის ზედაპირიდან მხოლოდ 28 ტონამდე შეგროვდა. რუსეთის საზღვაო სამაშველო სამსახურმა შედეგების ლიკვიდაციისთვის სამი გემი გაგზავნა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დაღვრილი მასის დიდი ნაწილის ამოსაღებად.
მანამდე კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი აცხადებდა, რომ დაღვრის მიზეზი შესაძლოა შავ და აზოვის ზღვებში გემებზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმები გამხდარიყო. მეორე გაჟონვა მას შემდეგ მოხდა, რაც 16 აპრილის ღამეს უკრაინულმა დრონებმა ტუაფსეს საზღვაო ტერმინალზე იერიში მიიტანეს. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ზღვაში 10 000 კვ. მ. ფართობის ნავთობის ლაქა წარმოიქმნა. ლაქა კვირას, 19 აპრილს, თანამგზავრული ფოტოს მეშვეობით აღმოაჩინეს. იგი ტუაფსეს პორტიდან მილინახევრის დაშორებით მდებარეობს. ამჟამად მიმდინარეობს დაღვრის ლოკალიზება. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტები მდინარე ტუაფსეშიც მოხვდა, თუმცა ამ მონაკვეთის ლოკალიზება უკვე მოხერხდა. ტუაფსეს საზღვაო ტერმინალში 16 აპრილის ღამეს გაჩენილი ხანძარი მხოლოდ კვირას, 19 აპრილს ჩააქრეს. ორშაბათს ღამით ტუაფსეს პორტს კვლავ დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ხანძარი ისევ გაჩნდა. მის ლიკვიდაციაში, სხვა საშუალებებთან ერთად, ორი სახანძრო მატარებელიც ჩაერთო.
ბათუმელი ეკოლოგი და იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ნავთობის ლაქა საქართველოს მიმართულებით მოძრაობს.
„შავ ზღვაში დაღვრილი ნავთობის უზარმაზარი ლაქა საქართველოს უახლოვდება! Sentinel-1-ის თანამგზავრულმა ფოტოებმა ნავთობის დაღვრა ანაპის მახლობლად 7 აპრილს დააფიქსირეს. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „სოფია“ (IMO 9211999) ინციდენტის დროს სწორედ დაღვრის ადგილზე იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ეს ტანკერი მიიჩნევა დაღვრის წყაროდ. მიზეზი, ზუსტი რაოდენობა და შემადგენლობა უცნობია. ვარაუდობენ, რომ ეს იყო 300-350 ტონა ნედლი ნავთობი. 12 აპრილისთვის ლაქის ფართობმა 200 კვადრატულ კილომეტრს გადააჭარბა. მას შემდეგ ლაქა ნაწილებად იშლება: ერთი ნაწილი უტრიშის სანაპიროზე (ანაპის რეგიონი) გამოირიყა, დანარჩენი კი აღმოსავლეთისკენ მიედინება“, — წერს არჩილ გუჩმანიძე თავის „ფეისბუქ“ გვერდზე.
მისივე ინფორმაციით, 19 აპრილისთვის ლაქის ნაწილმა, რომლის სიგრძე 7 კილომეტრია, ხოლო სიგანე — 1,5 კილომეტრი, ტუაფსეს მიაღწია.
„20 აპრილიდან, ქარისა და დინებების ზემოქმედებით, ეს ლაქა დრეიფირებს/მოძრაობს აღმოსავლეთით, საქართველოსკენ. ასევე, 16-18 აპრილს ტუაფსეს ნავთობტერმინალი დაიბომბა დრონებით, რის შედეგადაც ნავთობის ნაწილი ზღვაში ჩაიღვარა. დაღვრის ფართობი დაახლოებით 10 000 კვადრატული მეტრია (ფოტოზე ჩანს შავი ლაქები ტუაფსეს პორტსა და მის გარშემო). ტუაფსეს პორტში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. თუ შავი ზღვისთვის დამახასიათებელი დინება აღმოსავლეთიდან არ ჩამოყალიბდა და არ გაძლიერდა (ბოლო დროს ის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს), მაშინ ლაქა საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთს მიაღწევს. დრეიფის სიჩქარე 3-3,5 მ/წმ-ია, პერიოდულად კი 5 მეტრს აღწევს წამში. ანუ, დაახლოებით 10-12 კილომეტრი საათში. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, უნდა ველოდოთ, რომ ის საქართველოს (მანძილი 105 კილომეტრია) ხვალისთვის მიაღწევს“, — ვარაუდობს ეკოლოგი.
არჩილ გუჩმანიძის თქმით, შესაძლოა დინებამ ნავთობის ლაქას საქართველოს ნაპირებამდე მოღწევის საშუალება არ მისცეს, თუმცა ამ შემთხვევის გავლენა ზღვის წყლის გარემოზე გარდაუვალია.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პერიოდში შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდება ტიპური დინება, რომელიც ნავთობის ლაქას ჩვენს ნაპირებამდე მოღწევის საშუალებას არ მისცემს და მას სადმე სხვაგან, სავარაუდოდ, სოჭის მუნიციპალიტეტის სანაპიროზე გარეცხავს. რაც არ უნდა გადაჭარბებულად მოგვეჩვენოს ეს ფაქტი, მისი გავლენა შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე, გარემოზე, ჰაბიტატებსა და თევზის მარაგზე უკვე ძალიან დიდია“, — წერს არჩილ გუჩმანიძე.
