საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაგზავნა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროტესტების დროს სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას ეხება.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჩივარი ოთხი მომჩივნის სახელით არის წარდგენილი.
„2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ იქნა საჩივარი, რომელიც ეხება სამართალდამცავების მხრიდან სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული დემონსტრაციების დროს. საჩივარი ოთხი მომჩივნის სახელით არის შეტანილი. საია ამტკიცებს, რომ მათ მიმართ გამოყენებული ქმედებები წარმოადგენს პროტესტის მონაწილეთა მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებულ ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საია-ს მტკიცებით, სახელმწიფოს ქმედებები არის არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დარღვევა, არამედ ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების სასტიკი ბოროტად გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავდა პროევროპული პროტესტის ჩახშობას და სცილდება დემოკრატიულ წესრიგს (კონვენციის მე-17 მუხლი). აღნიშნული მიმართულებით დავა სიახლეა სამართალგამოყენებით პრაქტიკაში და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მიმართ, სწორედ დემონსტრაციების კონტექსტში, პირველად დგება.
საჩივრის მთავარი სტრატეგიაა იმის ჩვენება და შეფასება, თუ რა მოხდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლისას. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ უფლებამოსილების ინდივიდუალური გადამეტება ან არასწორად ჩატარებული დაშლის ოპერაცია, არამედ ორგანიზებული ძალადობა და ადამიანის უფლებათა სფეროში იმ მწვავე კრიზისის საწყისი წერტილი, რომელიც ქვეყანაში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ჩამოყალიბდა. ეს შესაძლოა სასამართლომ კონვენციის მე-17 მუხლისა და სხვა შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით განიხილოს“, — ნათქვამია საია-ს განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.