სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71,6% შეადგინა.
უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორთა სამეულში შევიდნენ: ჩინეთი — 203,2 მლნ აშშ დოლარი, ყირგიზეთი — 190,9 მლნ აშშ დოლარი და რუსეთი — 145,5 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი მომწოდებელი ქვეყნის წილმა მთლიან იმპორტში 70,2% შეადგინა. ლიდერთა სამეულშია: თურქეთი — 657,3 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი — 592,5 მლნ აშშ დოლარი და ჩინეთი — 487,6 მლნ აშშ დოლარი.
გარდა ამისა, „საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტის ექსპორტის სტრუქტურაში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა — 364,5 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 21,1%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები (208,1 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე — ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები (169,9 მლნ აშშ დოლარი).
იმავე პერიოდში უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის პირველი ადგილი ასევე მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა — 632,2 მლნ აშშ დოლარი (იმპორტის 15,3%). მას მოსდევს ნავთობი და ნავთობპროდუქტები — 338,6 მლნ აშშ დოლარი, ასევე ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები — 204,1 მლნ აშშ დოლარი.