სასოფლო-სამეურნეო რეგიონ ჯავახეთში, ცივი ამინდისა და ნიადაგის ზედმეტი ტენიანობის გამო, წელს მარცვლეულის საგაზაფხულო თესვა ფერხდება. ფერმერები და აგრონომები ფრთხილ ოპტიმიზმს გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ ბევრი რამ მომდევნო კვირების ამინდზე იქნება დამოკიდებული.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის ზოგიერთ რაიონში ღამის ყინვები აპრილის დასაწყისამდე გაგრძელდა. ამის გამო ნიადაგი ვერ გათბა და დიდი ხნის განმავლობაში ნესტიანი დარჩა, ასეთი მიწა კი არახელსაყრელია მარცვლეულის დასათესად.

აგრონომი და ფერმერი ეღიშე აღაჯანიანი მიიჩნევს, რომ სერიოზული პრობლემები არ არსებობს:

„მარცვლეულისთვის ცოტა გვიანია, თუმცა ახლა ყველაფერი ნორმალურადაა. თუ სამი დღე ნალექი არ იქნება და ნიადაგი გათბება, გლეხები თესვის დაწყებას შეძლებენ. რაც შეეხება კარტოფილს, აქ არანაირ პრობლემას არ ვხედავ“, -ამბობს აგრონომი.

დაგვიანებულმა თესვამ შესაძლოა მართლაც იქონიოს გავლენა მოსავლიანობაზე. თუმცა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თუ პროცესი მხოლოდ ერთი-ორი კვირით გადაიწევს, დანაკარგები მინიმალური იქნება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფერმერები მარცვლეულის თესვას, როგორც წესი, 8 აპრილიდან იწყებენ. ფერმერი ენოქ ბაბაჯანიანიც ფიქრობს, რომ ერთიდან ერთნახევარ კვირამდე დაგვიანება მოსავალზე არსებით გავლენას არ მოახდენს:

„წინა წლებთან შედარებით, წელს მუნიციპალიტეტში თესვა გვიანდება, მაგრამ არ მგონია, რომ ეს მოსავლიანობაზე აისახოს. ამინდი 3-4 დღეში გამოსწორდება და თესვაც დაიწყება“, – აღნიშნავს ის.

თუ მაისსა და ივნისში ხელსაყრელი ამინდები დაიჭირა, მცენარეები განვითარებას „მოასწრებენ“.

ამჟამად პროგნოზი მაინც ფრთხილი რჩება. თუ მომდევნო კვირებში სტაბილურად თბილი ამინდი იქნება, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის გარეშე, მოსავალი საშუალო დონის იქნება. თუმცა, თუ ზაფხული მშრალი გამოდგა ან სხვა ამინდის ანომალიები დაფიქსირდა, რეგიონი შესაძლოა მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის მნიშვნელოვანი შემცირების წინაშე აღმოჩნდეს.