„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ გაცემულ გრანტებზე კანონის — „გრანტების შესახებ“ მოთხოვნა არ გავრცელდება. ასევე, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება არ დასჭირდება ფინანსურ-საკრედიტო ინსტიტუტების მიერ გაცემულ გრანტებს.
შესაბამისი დაზუსტებები შედის „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტში, რომელსაც პარლამენტი დღეს განიხილავს და მეორე და მესამე მოსმენით კენჭს უყრის. კანონპროექტი ამ ნაწილში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვისას დამუშავდა.
კანონში „გრანტების შესახებ“ დასახელებულია რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ვალდებული არ არის, მიმართოს საქართველოს მთავრობას გრანტის გასაცემად თანხმობის მისაღებად. ესენია: ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების პროგრამა — „Horizon Europe“, ევროკავშირის პროგრამა — „Erasmus+“, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური — DAAD და პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ (საქართველოსა და ევროკავშირს შორის). მათ მიერ გაცემულ გრანტებზე, რომლებიც განკუთვნილია ზოგადი და უმაღლესი განათლების მისაღებად, ასევე სამეცნიერო საქმიანობისთვის, კანონი „გრანტების შესახებ“ არ ვრცელდება.
კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარმოადგინა დამუშავებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ჩამონათვალს „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ და ფინანსურ-საკრედიტო ინსტიტუტები დაემატება.
„გთავაზობთ კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ ის, რაც ისედაც იგულისხმებოდა: კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციაზე — „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაზე“ და ამ ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე არ ვრცელდება კანონის „გრანტების შესახებ“ მოთხოვნა. საქართველოში შექმნილია კონკრეტული იურიდიული პირი, რომელიც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის წევრია. მეტი სიცხადისთვის პირდაპირ ჩაიწერება, რომ მათზე კანონი „გრანტების შესახებ“ არ გავრცელდება.
ამავდროულად, დავაზუსტებთ, რომ ფინანსურ-საკრედიტო ინსტიტუტების მიერ გაცემულ გრანტებზეც არ გავრცელდება კანონის „გრანტების შესახებ“ მოთხოვნა.
აქ იგულისხმება, მაგალითად, მსოფლიო ბანკის მიერ გაცემული გრანტი, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის საკრედიტო შეთანხმების თანმხლები გრანტია და აქ სუვერენიტეტის დარღვევის რისკები მინიმალურია. ასეთი გრანტები ისედაც თანხმდება მთავრობასთან სხვა პროცედურით, ხოლო პოლიტიკურ ნაწილში გრანტები არ გაიცემა“, — განაცხადა გორდულაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
„გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, გრანტად აღარ ჩაითვლება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების მიერ გაცემული დაფინანსება, რომელიც მიმართულია ან შეიძლება მიმართული იყოს იმ საქმიანობისკენ, რომელიც გამომდინარეობს უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური თუ საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან.