დღეს- 9 მაისს, გამარჯვების დღეს, ახალქალაქში ყვავილები მიიტანეს დიდ სამამულო ომში დაღუპული გმირის- ვაჩაგან ვანციანის ძეგლზე. ფაშიზმზე გამარჯვების დღიდან ზუსტად 80 წელი გავიდა.

როგორც ყოველთვის, წელსაც ახალქალაქში ხალხმა გაიხსენა ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქალაქის გამოფენის მოედანზე მდებარე საბჭოთა კავშირის გმირის, ვაჩაგან ვანციანის ძეგლთან შეიკრიბა.

mayisi 9-2

ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, ომში დაღუპულთა ახლობლები და რიგითი ახალქალაქელები ყვავილები მიიტანეს ვაჩაგან ვანციანის ძეგლთან. უკვე სამი წელია, 9 მაისის ზეიმი ახალქალაქში ვეტერანების გარეშე ტარდება.

ახალქალაქის მოსახლეობამ ყვავილებით შეამკო სერჟანტის, საბჭოთა კავშირის გმირისა და დიდი სამამულო ომის ვეტერანის, ვაჩაგან ვანციანის ძეგლი.

mayisi 9-3

„მთლიანად საქართველოს მასშტაბით ცოცხალია დიდი სამამულო ომის 50 მონაწილე, ჩვენს რაიონში კი არც ერთი მონაწილე აღარ დარჩა. ეს ადამიანები იბრძოდნენ თავიანთი ხვალინდელი დღისთვის, თავიანთი შვილების მომავლისთვის.ისინი მარცვალის მთესავები იყვნენ რომელთაგან ბევრი დაბრუნდა, ბევრნი კი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ისინი და ერთმანეთს მივულოცოთ ეს დიდი გამარჯვება“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ჰამლეტ მოვსისიანმა თავის სიტყვაში.

ასევე დაამატა, რომ ომი მავნე ბოროტებაა ნებისმიერი ხალხისთვის.

„და დღეს ეს ბოროტება გრძელდება. ჩვენი სურვილია, რომ მთელ მსოფლიოში მშვიდობა იყოს. დღეს, ამ რთულ პირობებში ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს“, – დაამატა ჰამლეტ მოვსისიანმა.

mayisi9-1

ახალქალაქელი ისტორიკოსისა და მწერლის, მკრტიჩ ქთოიანის მოწმობით, მეორე მსოფლიო ომში დაახლოებით 18 000 ახალქალაქელი მონაწილეობდა, მათგან ნახევარზე მეტი დაიღუპა. მთლიანობაში კი, საბჭოთა საქართველომ ომში თითქმის 700 000 ოფიცერი და ჯარისკაცი გაგზავნა. საქართველოს 137 მოქალაქეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. 1941 წლიდან 1945 წლამდე გაგრძელებულ ომში 300 ათასი ქართველი დაიღუპა.