
2025 წლის პირველ კვარტალში ქართველმა ვიზიტორებმა საზღვარგარეთ ჯამში 481 მილიონი ლარი დახარჯეს, წერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (Geostat). ეს თანხა 6%-ით, ანუ 26 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
იმავე მონაცემების თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, 15 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მაცხოვრებლებმა საზღვარგარეთ სულ 482 ათასი მოგზაურობა განახორციელეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.5%-ით ნაკლებია.
15 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების მიერ განხორციელებული ამ 482 ათასი ვიზიტიდან 323 ათასი ტურისტული ვიზიტი იყო. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც 1 დღეზე (24 საათზე) მეტხანს გრძელდება, ტურისტულ ვიზიტად კლასიფიცირდება. ამ ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6 ათასი ვიზიტით (1.7%-ით) შემცირდა.
მიმდინარე წელს ტრანზიტული ვიზიტების რაოდენობამ 159 ათასი შეადგინა. ტრანზიტული ვიზიტი გრძელდება 1 დღეზე ნაკლებ და ვიზიტორი საქართველოში გამგზავრების დღესვე ბრუნდება.
ასეთი ვიზიტების ყველაზე აქტიური სასაზღვრო გამშვები პუნქტი სარფის სასაზღვროა, რომელსაც ყოველდღიურად ასობით საქართველოს მოქალაქე კვეთს თურქეთში საყიდლებზე წასასვლელად.