დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავენ. ქართული არტილერიის 32 წლის იუბილე ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადაში აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ არტილერისტებს პროფესიული დღე მიულოცა და თავდაცვის ძალებისთვის არტილერიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

არტილერიის დღე აღნიშნეს ხონშიც, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე. ღონისძიება თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. თავდაცვის სამინისტროში გაწეული უნაკლო სამსახურისთვის სამხედროებმა მიიღეს სხვადასხვა ხარისხის მედლები, სამახსოვრო საჩუქრები და პირადი იარაღი.

ღონისძიების დაწყებამდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ბრიგადაში მდებარე ძეგლთან პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკეს ძეგლი.

საარტილერიო ბრიგადებმა ასევე უმასპინძლეს სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სამხედრო ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და მონაწილეობა მიეღოთ სახალისო ღონისძიებებში.