ახალქალაქის რაიონის სოფლების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა ნაგვის გატანაა. სოფლების შესასვლელ-გასასვლელთან დიდი ნაგვის ნაგავსაყრელები გაჩნდა. ბოლო წლებში ნაგვის ურნები ძირითადად იმ სოფლებში დამონტაჟდა, სადაც გზა მოასფალტებულია. ბურნაშეთი ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, რომლის მოსახლეობაც ასფალტის დაგების შემდეგაც ნაგვის ურნების განთავსებას ელოდება.

ბურნაშეთის სოფლის სპეციალისტის ზოჰრაბ კოჩოიანის თქმით, ურნები დიდი ხნის წინ მოითხოვა.

„უკვე ორი წელია სანაგვე ურნებს ვითხოვ, რადგან სოფელში ამის საჭიროება დადგა. ნაგვის გადასაყრელად სოფლის მცხოვრებლები ან მეზობელ სოფლებში, აზავრეთსა და ლომატურცხში, მიდიან ან სადმე ახლომახლო ყრიან. მითხრეს, ურნების მიღებისთანავე ტენდერს გამოაცხადებენ და ჩვენს სოფელში ჩამოიტანენ. მრავალი წელია 4-5 ნაგვის ურნით პრობლემას ვერ ვაგვარებთ“, – განმარტავს ქოჩოიანი.

2022 წლის ივლისში ბურნაშეთში გზა მოასფალტდა, რათა ნაგვის ურნა დაემონტაჟებინათ. თუმცა უცნობია მიზეზი, ურნები დღემდე რატომ არ მიუტანიათ?

ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა მდგომარეობა შემდეგნაირად განმარტა: „არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ უახლოეს დღეებში მივიღებთ ნაგვის ურნებს და ბურნაშეთში ამ საკითხს მოვაგვარებთ. ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც 70 ახალ ნაგვის ურნას მივიღებთ. ისინი ბურნაშეთში და კიდევ რამდენიმე სოფელში დამონტაჟდება“.

სერვისცენტრის დირექტორის თქმით, ახალი ნაგვის ურნების მიღებისთანავე მათი რაოდენობა სოფელ დილისკასა და ლომატურცხში გაიზრდება.

„ნაგვის ურნების შარშანდელი ტენდერი მთელი საქართველოსთვის იყო გამოცხადებული და იგი ჩვენს მერიასთან არაფერ შუაშია.  70 ცალს ძალიან მალე მივიღებთ. წელს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები უფრო ადრე დაიწყება და 300-მდე ახალი ნაგვის ურნას შევიძენთ“, – აცხადებს მხითარ რსტაკიანი.

იგი მოსახლეობას მეტი სიფრთხილისა და სანაგვე ურნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებს, რადგან ის პლასტმასისგან არის დამზადებული და მარტივად ტყდება.