უკვე 2 თვეა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდასთან ფუნქციონირებს სატვირთო მანქანების ავტოსადგომი, სადაც საზღვრის გადაკვეთისთვის საბუთები მზადდება და თითოეული მძღოლი 80 ლარს იხდის.  Jnews-ი შეეცადა გაერკვია, რისთვის არის ეს გადასახადი და რა დანიშნულება აქვს სადგომს.

ავტოსადგომი შეიქმნა იმისთვის, რომ სატვირთო მანქანები იქ შეიკრიბონ და საზღვრის გადაკვეთისთვის მოემზადონ. მიზანია გზის პირას არ შეგროვდნენ. ამასთან, საბაჟო გამშვები პუნქტის გასავლელი დროც შემცირებულია. თუმცა აღნიშნული ტერიტორია ასობით სატვირთო მანქანას ვერ იტევს და თურქეთის საზღვართან, ვაჩიან-კარწახის საავტომობილო გზის მთელ სიგრძეზე დგანან.

Fura1

მსგავსი სიტუაციაა აქ ამ წლის მაისიდან. მძღოლები რიგების მიზეზს იმით ხსნიან, რომ უკრაინაში რუსეთის ომის გამო საქართველოზე გადაზიდვები მკვეთრად გაიზარდა. თავდაპირველად გამშვები პუნქტები არ იყო მზად სატვირთო მანქანების შემოდინებისთვის. ორი თვის წინ სოფელ სულდასთან სატვირთო მანქანის სადგომისთვის ტერიტორია გამოიყო მაგრამ სატვირთო მანქანების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ საზღვრის გადაკვეთის დროის შემცირებაც კი ვერ ასტაბილურებს სიტუაციას და გადამზიდველები იძულებულნი არიან ცარიელ გზაზე საათობით, ან დღეები რიგში იდგნენ.

Fura 4

რამდენიმე წუთში ერთხელ სატვირთო მანქანები რიგრიგობით შედიან სადგომის ტერიტორიაზე, სადაც მძღოლების თქმით, არეგისტრირებენ, საზღვარზე გასასვლელად ნომერს აძლევენ და შემდეგ უშვებენ, ყოველივე სავალდებულოა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის დეპარტამენტის ინფორმაციით, ასეთი გაჩერებები სასაზღვრო ზონებში სატვირთო მანქანების დაგროვებამდეც იყო, მაგრამ არა კარწახთან.

„სატვირთო მანქანებისთვის ეს პროცედურა სავალდებულოა და პარკინგის გარეშე ვერ  შეძლებენ შესრულებას. იქ ის სატვირთო მანქანები უნდა იდგნენ, რომლებიც საზღვარს კვეთენ. აქ რეგისტრირდებიან, ამზადებენ საბუთებს და მარტივას კვეთენ საზღვარს. ამ მომსახურებისთვის თითოეული სატვირთო 80 ლარს იხდის, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს შეძლებენ დგომას. ტრანზიტისთვის 350 ლარს საზღვარზე იხდიან. ასეთი პარკინგები ყველგან არ არის, მხოლოდ – სარფში, ყაზბეგში, სადახლოში, ლაგოდეხში, გუგუთში და კიდევ ემატება“, – განმარტეს დეპარტამენტში.

fura 2

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ავტოსადგომები სიტუაციის შესამსუბუქებლადაა შექმნილი, გზებზე სატვირთო მანქანების ნაკადი არ იკლებს.