სომხეთის ხელისუფლებამ yerkir.am-ს აცნობა, რომ მიღებულია კომენდატურის შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სტუდენტები, რომლებმაც ონლაინ-განაცხადი 15 ივნისამდე შეიტანეს, მათ შორის 69 სტუდენტი ჯავახეთიდან, გამოცდების ჩასაბარებლად სომხეთის ტერიტორიაზე გადასვლას 14 დღიანი საკარანტინე ზონის გავლის გარეშე შეძლებენ.

სომხეთის შეფასებისა და ტესტირების ცენტრმა სომხეთში ეროვნული გამოცდების თარიღები ჩასაბარებელი საგნების შესაბამისად გამოაქვეყნა.

გამოცდები 2 ივლისს უცხო ენებით (საგნები: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური, ესპანური) იწყება, 4 ივლისს აბიტურიენტების ცოდნა სომხეთის ისტორიაში, გეოგრაფიაში და ქიმიაში შემოწმდება, 6 ივლისს- გამოცდა მათემატიკაში, ხოლო 8 ივლისს- გამოცდები სომხურ ენასა და ლიტერატურაში, ბიოლოგიასა და ფიზიკაში იქნება.

რამდენიმე დღის წინ Jnews-მა გამოაქვეყნა მასალა სათაურით “ჯავახეთის აბიტურიენტებს სომხეთში სწავლის შესაძლებლობა წელს აღარ აქვთ”, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჯავახეთის აბიტურიენტები სომხეთის შესაბამის უწყებას ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების თხოვნით მიმართავენ. ვინაიდან კორონავირუსის ეპიდემიის გამო რამდენიმე თვეა სომხურ-ქართული საზღვარი დაკეტილია, აბიტურიენტები სომხეთში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ვერ ახერხებენ.

აღსანიშნავია, რომ რუსულ-სომხურმა (სლავიანსკი) უნივერსიტეტმა და გ.ვ.პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტის ერევნის ფილიალმა ჯავახეთის აბიტურიენტების ღია წერილზე რეაგირება მოახდინეს. ამ უნივერსიტეტებში ონლაინ ფორმატში ორგანიზებულია როგორც დოკუმენტების მიღება, ასევე გამოცდების ჩაბარების პროცესი.

აღნიშნულ თემაზე მეტი ინფორმაცია:

ჯავახეთის აბიტურიენტებს სომხეთში სწავლის შესაძლებლობა წელს აღარ აქვთ

ჯავახეთის აბიტურიენტს ონლაინ-გამოცდის ჩაბარება მხოლოდ რუსულ-სომხურ უნივერსიტეტში შეუძლია