ჯავახეთის აბიტურიენტები, რომლებსაც უმაღლესი განათლების მიღება სომხეთში სურთ, დაკეტილი საზღვრების გამო ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ ღებულობენ. რამდენიმე ათეულმა აბიტურიენტმა გამოცდებში მონაწილეობის მიღების თხოვნით სომხეთის შესაბამის უწყებას კოლექტიური წერილით მიმართა.
საქმე იმაშია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე რამდენიმე თვეა სახემწოფოთაშორისი საზღვრები დაკეტილია, მათ შორის სომხურ-ქართული საზღვარიც. ამ მიზეზით უცხოელი აბიტურიენტები სომხეთში სახელმწიფო ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ.
ჯავახეთის აბიტურიენტების კოლექტიურ წერილში ნათქვამია: „ჩვენ, სომეხი აბიტურიენტები, სომხეთის საგამოცდო ცენტრებში ეროვნულ სახელმწიფო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად სომხურ-ქართულ საზღვარს ვერ გადავკვეთავთ. გთხოვთ, მხარი დაგვიჭიროთ, საქართველოს ტერიტორიაზე საგამოცდო კომისია და საგომოცდო ცენტრი შექმნათ. ჩვენ, სომხებს, საქართველოს მოქალაქეებს, უმაღლესი განათლების მიღება სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გვსურს“.
საქართველოს მოქალაქეობის მქონე სომეხი აბიტურიენტები წერილში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს არაიკ არუთუნიანს, შეფასებისა და ტესტირების ცენტრის დირექტორის მოვალეობების შემსრულებელს ა.პაშაიანს, საქართველოში სომხეთის ელჩს რუბენ სადოიანს და დიასპორის საკითხების კომისარს ზარე სინანიანს მიმართავენ.
წერილი რამდენიმე ათეული აბიტურიენტის მიერ არის ხელმოწერილი. ისინი იმედოვნებენ, რომ სომხეთის მთავრობა მათ თხოვნას გაგებით მოეკიდება.
აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ჯავახეთიდან დაახლოებით 250-300 აბიტურიენტი სომხეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში აბარებს.