გარდაიცვალა სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი დეპუტატი, მოხალისეთა კავშირის “ერგრაპაჰ”-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი მანველ გრიგორიანი. აღნიშნული ინფორმაცია რადიო “თავისუფლებას” გენერალ გრიგორიანის ადვოკატმა, არსენ მკრტჩიანმა დაადასტურა.
ადვოკატს სხვა ინფორმაცია არ მიუცია. მანველ გრიგორიანი 64 წლის იყო.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულიდან, თითქმის წელიწადნახევარი, გრიგორიანი პატიმრობაში იმყოფებოდა. მას ბრალი იარაღის უკანონო შენახვის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის, გადასახადებისგან თავის არიდებისა და ქონების უკანონო მითვისების ორგანიზებაში წაეყენა.
გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს, მანველ გრიგორიანის ადვოკატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პენსიონერ გენერალს არაერთი სერიოზული დაავადება აქვს და საზღარგარეთ მკურნალობა სჭირდება.
გრიგორიანმა მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უარყო, ხოლო მისმა ადვოკატებმა პენსიონერი გენერლის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შესახებ განაცხადეს.
2020 წლის 15 იანვარს მანველ გრიგორიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა.
გრიგორიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შემდეგ, პენსიონერი გენერლის ადვოკატებმა შეიტანეს შუამდგომლობა საფრანგეთში მკურნალობის გაგრძელების შესახებ. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.