44 დღის განმავლობაში მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ-თურქული აგრესიის წინააღმდეგ ომი მიმდინარეობდა და ამ დროის განმავლობაში ჟურნალისტი, ლიკა ზაქარიანი ყარაბაღიდან დღიურს აწარმოებდა, რომელშიც ომის თითოეულ დღეს აფიქსირებდა. მის ჩანაწერებს ეტაპობრივად, უცვლელად წარმოგიდგენთ.
“შეიძლება ომი ოფიციალურად დასრულდა, მაგრამ ჩემთვის ჯერ კიდევ გრძელდება. გადაწყვეტილებები, პუნქტები, რუკები, ჩემს გონებაში თავს ვერ იყრის. ვერ ვაცნობიერებ, რა ხდება. მე ის სტადია მაქვს, რა ჰქვია? უარყოფის სტადია. მთელი დღე, რაღაც საქმეებს ვაკეთებ, არც ისე მნიშვნელოვანს, ყველაფერს ვაკეთებ, რითიც შეიძლება დაკავება, ოღონდ ჩემს აზრებთან მარტო არ დავრჩე. იმ დრომდე გავძელი, სანამ “არცახის” ახალი რუკა არ ვნახე. მთელი 44 დღე ვცხოვრობდით ისე, რომ არ ვიცოდით, ვინ სად იმყოფებოდა, ვის რა ეკუთვნოდა, ვის აქვს კონტროლი კონკრეტულ დასახლებებზე. დღეს კი, ახალ რეალობას შევეჯახეთ.
ვინ ვარ მე? რომელი ქვეყნის მოქალაქე? სად უნდა ვიცხოვრო? ამ კითხვებზე პასუხი მე უკვე აღარ მაქვს. ვფიქრობ იმაზე, რომ ახლა სომხეთსა და არცახს შორის კერვაჩარის სახით არის დერეფანი. პიჯაკიანმა მამაკაცებმა გადაწყვიტეს, რომ 15 ნოემბერს ეს უნდა გადაეცეს. ხოლო მეორე გზა, რომელიც შუშის გავლით გადის, დაკეტილი რჩება, შუშის შემოვლითი სხვა გზა უნდა ააშენონ. მაგრამ ეს ხუთი დღის საქმე არ არის, მე ვფიქრობ. ანუ, 15 ნოემბერს გადასცემენ კარვაჩარს, ლაჩინი ჯერ არ გახსნილა, რადგან შუშის გავლით გადის გზა, ხოლო შუშის გავლით არ შეიძლება, ხოლო ახალი გზა ჯერ არ აუშენებიათ. რა გამოდის? 15 ნოემბრიდან ხალხი არცახში ანკლავში იქნება? თუ ყველაფერი სწორად მესმის, ეს ასეც არის. მაგრამ იცით, მე არ მინდა აზერბაიჯანში ანკლავში ცხოვრება…
დღეს მთელი დღე თავს განადგურებულად ვგრძნობ იმ აზრის გამო, რომ არავის ვეკუთვნი… თქვენ შეიძლება თქვათ, სტეფანაკერტი ხომ დარჩა. ფაქტობრივად კი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე ისეთივე უსახლკარო ლტოლვილი ვარ, როგორც, ვთქვათ, გედრუტის, ან შუშის ბავშვები. ჩვენ ყველამ სახლი და მშვიდობა დავკარგეთ. ჩემი აზრით, სტეფანაკერტში მშვიდად ვერ ვიცხოვრებთ, თუკი შუში მათ ეკუთვნით. და ეს არ არის პათოსი, ეს რეალობაა. ერთ ღამეში სტეფანაკერტში გენოციდის მოწყობა შეიძლება, მაგრამ მსოფლიო აქვეყნებს განცხადებებს იმაზე, რომ ორივე მხარეს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებენ. იმავდროულად ერთი მხარე უკვე შეწყვეტს არსებობას.
გუშინდელი დღიდან არაფერი შეცვლილა. ჩვენ კვლავ უსახლკაროები, უჩინარი ხალხი ვართ. ერთადერთი, ალბათ, როდესაც რუკა ვნახე, რეალობის აღქმა გაიზარდა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
მე ბებიამ გამზარდა. ის ჩემთვის დედაც იყო, მამაც, ბებიაც, და სხვაც. ის ჩემთვის ყველაფერი იყო. როდესაც დაიღუპა, სამი დღის განმავლობაში ვერც კი ვიტირე. რეალობის მიღება მიჭირდა. მაგრამ მესამე დღეს, როდესაც დაკრძალეს, როდესაც კუბო ვნახე, ხოლო ის – ჩემი ყველაზე საყვარელი – მასში, კინაღამ ჭკუიდან შევიშალე… მე ვფიქრობ, რომ ახლაც იგივეა. როდესაც უკან დავბრუნდები, ყველაფერს საკუთარი თვალით ვნახავ, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერებ და დავიჯერებ…”
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 10 ნოემბერს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკები მათ მიერ ამ დროისთვის დაკავებულ პოზიციებზე გაჩერდებიან. მთიან ყარაბაღში გადაკვეთის ხაზთან და დერეფანთან ახლოს, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთის რესპუბლიკასთან აერთიანებს, რუსეთის ფედერაციის მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტია განლაგებული. აზერბაიჯანს აგდამის რაიონი 20 ნოემბრამდე უნდა გადაეცეს, კელბაჯარის რაიონი – 15 ნოემბრამდე და ლიჩინსკის რაიონი – პირველ დეკემბრამდე.