საქართველოში ხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ომთან არის დაკავშირებული. ვრცელდება ფეიკები და კეთდება განცხადებები, რომლებიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ კონფლიქტში ითრევს.
დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც თბილისის ტელეანძა და მშვიდობის ხიდი, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ქმედებების მხარდაჭერის მიზნით, აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა. თუმცა, აღნიშნული ფოტოები ფეიკი აღმოჩნდა.
აზერბაიჯანის დროშის ფერებში თბილისის სიმბოლოების ფოტოებმა სოციალური ქსელის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. ეს ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა როგორც სიახლე. თუმცა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, აღნიშნული ფოტოები 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს არის გადაღებული.
ვირტუალურ სივრცეში გავრცელებულ ფეიკებთან დაკავშირებით, Facebook-ზე გაჩნდა ღონისძიება სახელწოდებით, “ვითხოვთ ობიექტურ ინფორმაციას”. ორგანიზატორები დაწვრილებით წერენ:
“მოგეხსენებათ, რომ 27 სექტემბერს, აზერბაიჯანმა არცახის პერიმეტრზე საომარი ქმედებები დაიწყო. ჩვენ, საქართველოს სომხები, მოვლენების განვითარებას ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. ის ფაქტი, რომ სამართლიან ბრძოლაში არცახს ვუჭერთ მხარს, არავისთვის არ არის გასაკვირი. ასევე გვესმის და ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის ნეიტრალიტეტს. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ზოგიერთი მედია საშუალებების მეშვეობით, აზერბაიჯანული პროპაგანდა ვრცელდება, რაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხედ შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენ ამ სამარცხვინო ქმედებებს ვგმობთ და მოგიწოდებთ გაავრცელოთ სწორი, ობიექტური ინფორმაცია.
ყველას მივმართავთ გაფრთხილებით – არ გამოიყენოთ ეს ომი თქვენს ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში, და ყველა პარტიას მოვუწოდებთ – შთააგონონ საკუთარი წევრები, რათა ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. საქართველო ყველაფერზე მნიშვნელოვანია”.