ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღებამ, თავის პიკს მიაღწია. მიწათმოქმედების უმრავლესობა მოსავლით კმაყოფილნია, თუმცა უჩივიან იმას, რომ არ არის მყიდველი და პროდუქტის გასაყიდი ფასი დაბალია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღების პროცესი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში სეტყვამ რამდენჯერმე მოსავალი დააზიანა, წელს, გასულ წელთან შედარებით, მიწათმოქმედები მოსავლით კმაყოფილნი არიან, თუმცა კარტოფილის ახლანდელი ფასი მათ უკეთესი ფასის მოლოდინში სტოვებს.

სოფელი მაჭატია- ერთ-ერთი სოფელია, სადაც მიწები არ ირწყვება, სოფელში სარწყავი სისტემა არ არის.

სოფელ მაჭატიის მკვიდრ, სარგის მარგარიან, კარტოფილის მოსავლის აღების დროს მივედით. იქ, სადაც ჩვენი თანდასწრებით კრეფდნენ კარტოფილს, საშუალო მოსავალი იყო.

“მე 50 მეასედი კარტოფილი დავთესე, ამ მიწაზე მუდამ ასეთი მოსავალია. მიწებს ვერ ვრწყავთ და ამინდზე ვართ დამოკიდებული”,- ამბობს სარგის მარგარიანი.

იგივე სოფლიდან, კარო ევაჯიანი საზღვარგარეთ სამუშაოდ წელს არ წავიდა და კარტოფილის მოსავალი გაზარდა, ის მოსავლით კმაყოფილია, თუმცა ჩივის, რომ მყიდველი არ არის და ფასი დაბალია.

“მყიდველი არ არის, გასულ წელს ამ დროს სავსე იყო. და ფასიც არ არის ნორმალური ჩვენთვის. თბილისში გადარჩეული კარტოფილის ფასი- 40-50 თეთრია. მაგრამ მე, მაგალითად, რომ არ ვიზარალო, სულ მცირე, 70 თეთრად უნდა გავყიდო. დავამუშავე ყველაფერი ისე, როგორც საჭირო იყო, დავიხარჯე”,- ამბობს კარო ევაჯიანი.

მნაცაკან კარსლიანიც კმაყოფილია მოსავლით, თუმცა დაბალ ფასს უჩივის. მისი თქმით, მან ყველანაირად დაამუშავა, ფიტოფთორის საწინააღმდეგო წამლის გარდა, და ფასი, რომელიც 1კგ კარტოფილზე 50 თეთრს შეადგენს, მას არ ახარებს.

“საუკეთესო კარტოფილი ახლა 50 თეთრად იყიდება. ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ მოსავლით მე კმაყოფილი ვარ”,- ამბობს ის.

სოფელ არაგვადან არტურ აპტოიანი ფასს უჩივის და ამბობს, რომ ერთი კილოგრამი კარტოფილის თვითღირებულება 55 თეთრს შეადგენს.

“ახლა მე 70-80 თეთრად უნდა გავყიდო, რათა ზარალში არ აღმოვჩნდე. დამუშავებაზე საკმაოდ ბევრი დავხარჯე. “ესტრელას” ჯიში დავთესე. მიწებს ვრწყავდი. მოსავლით კმაყოფილი ვარ. მუშებს დღეში 30-35 ლარს ვუხდი, ტრაქტორს ვქირაობ. ფასი იყოს კარგი, დანარჩენი ჯერჯერობით კარგია”,- ამბობს არტური.

kartofel