საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამ ეტაპზე არ იძლევა სკოლების გახსნაზე საუბრის შესაძლებლობას. თუმცა, ამ განცხადებაში იგულისხმება თუ არა რეგიონების სკოლები, ჯერჯერობით უცნობია.
ჯანდაცვის მინისტრის მიერ, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულმა განცხადებამ, ახალქალაქის მოსახლეობას გაურკვევლობა შეუქმნა. მშობლები ინტერესდებიან, ამ კვირაში გაიხსნება თუ არა სკოლები?
“მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პირველი ამოცანა – ბავშვების უსაფრთხოებაა და აქედან გამომდინარე, ამ საკითხს მეტად ფრთხილად ვუდგებით. ჩვენ საკუთარი მოსაზრება გვაქვს, მაგრამ ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სკოლების დროებითი გახსნის საკითხი განვიხილოთ. როცა მსგავსი შესაძლებლობა გვექნება, ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვების სკოლებში უსაფრთხო დაბრუნებისათვის ყველა პირობას უზრუნველყოფს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
როგორც ახალქალაქის რესურსცენტრიდან JNEWS-ს აცნობეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების გახსნის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის, ძველი ბრძანებით სკოლებმა 18 იანვრიდან უნდა იმუშაონ. თუმცა, დაიწყება თუ არა სწავლა 18 რიცხვიდან, ამ დღეებში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ საერთო კარანტინის შემდეგ, 2020 წლის შემოდგომიდან საქართველოში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. 4 ნოემბრიდან სკოლები კვლავ გადავიდნენ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.