საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.
„შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა და თავიდან აცილება ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.
საქართველო მოუწოდებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისთვის. ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.