ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბავშვების 200-ლარიანი, ერთჯერადი დახმარება ბევრს, ჯერ კიდევ არ მიუღია, ან დახმარების ნაწილი მიიღეს. სად და როგორი დოკუმენტების წარდგენაა საჭირო დახმარების მისაღებად?
JNEWS-ის ოფისს იმ მშობლებმა მიმართეს, რომლებსაც ბავშვების 200-ლარიანი, ერთჯერადი დახმარება უნდა მიეღოთ. ხელისუფლებამ დახმარების აღნიშნული პროგრამა აგვისტოში აამოქმედა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყველა, 18 წლამდე ბავშვი, ამ თანხას 15 სექტემბრამდე, სასწავლო წლის დაწყებამდე მიიღებდა. ბევრმა დარეგისტრირებული ბავშვების თანხა მაშინვე მიიღო, ზოგიერთმა კი – ნაწილობრივ. თუმცა, ბევრი მშობელი, ჯერ კიდევ ელოდება ჩარიცხვას, ისინი ეჭვობენ, სწორად იყვნენ თუ არა დარეგისტრირებულნი. არიან ადამიანები, რომლებიც რთულად დარეგისტრირდნენ, ან კიდევ ვისი ბავშვის დარეგისტრირებისას დაბადების ადგილად სხვა ქვეყანა იყო მითითებული.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გვირჩევს, მსგავს შემთხვევებში მოქალაქეებმა იუსტიციის სახლს მიმართონ. მშობლებმა თან უნდა იქონიონ პასპორტი, ტელეფონის ნომერი, რომელიც მითითებული იყო რეგისტრაციის დროს, ბანკის ანგარიშის რეკვიზიტი, რომელიც ასევე მითითებული იყო რეგისტრაციის დროს და ბავშვის დაბადების მოწმობა.
შეგახსენებთ, იმისთვის, რომ იუსტიციის სახლში მოგემსახურონ, წინასწარ ონლაინ დარეგისტრირებაა საჭირო, რადგან იუსტიციის სახლში COVID-19-ის პრევენციისთვის ახალი რეგულაციები მოქმედებს და შენობაში ონლაინ – რეგისტრაციის გარეშე არ შეგიშვებენ. ასევე აუცილებელია სამედიცინო პირბადეს ქონა.