ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატების მხარდაჭერა ორმა საკითხმა მიიღო. ერთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არენდით გაცემას  ეხებოდა, მეორე – საკრებულოს მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

დღეს, 18 სექტემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა სოფელ ჩუნჩხასა და დილისკაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების არენდით გაცემას დაუჭირეს მხარი.

სოფელ ჩუნჩხაში გასაქირავებელი ტერიტორია 276 881 კმ.მ.-ს შეადგენს, სოფელ დილისკაში- 163 025 კვ.მ-ს. კომპანია “აისი” აღნიშნულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს კემპინგისთვის გამოიყენებს, ასევე, ააშენებს ბეტონის საწარმოს და დროებით საცხოვრებელს მუშებისთვის.

კომპანია “აისი” ამ ტერიტორიებს ქირაობს ორი ჰესის, “ახალქალაქი-1” და “ახალქალაქი 2”-ის მშენებლობასთან დაკავშირებით. სამუშაოები ამავე წლის სექტემბერში დაიწყო და 2023 წელს დასრულდება.

კომპანია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ყოველწლიურად 500 000 ლარის ოდენობის გადასახადს შეიტანს.

ჰესის, “ახალქალაქი-1” ჰესის სიმძლავრე 7,5 მგვტ-ს შეადგენს, “ახალქალაქი-2” -ის სიმძლავრე კი – 1,6 მგვტ-ს.

მეორე საკითხი საკრებულოს მიერ 2020 წლის 21 აგვისტოდან მერიაში ახალი შტატის დაშვების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას ეხება.

“გასულ სხდომაზე მერიაში ახალი შტატის დაშვების გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც დღეს გავაუქმეთ. მერიიდან წერილი გამოგვიგზავნეს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ, მაგრამ ეს პოზიცია არ უნდა დაგვემტკიცებინა, მაგრამ, მიგვაჩნია, რომ ეს მერიას უნდა გაეკეთებინა და არა საკრებულოს”, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა.

სხდომაზე დეპუტატებმა მერიის ცუდად მუშაობაზეც ისაუბრეს. კერძოდ, განიხილეს არასწორად შედგენილი ხარჯთაღრიცხვის პროექტები, რის გამოც, ტენდერებში არავინ მონაწილეობს და საბოლოოდ, მოსახლეობა ზარალდება. სხდომაზე გადაწყდა, ორშაბათს საკრებულოში მოიწვიონ მერიის ყველა სამსახურის უფროსი და სხვადასხვა საკითხები განიხილონ.