ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის ბიუჯეტში ბოლო ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების მოცულობა 159 644 ლარია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ბიუჯეტში 159 644 ლარის ოდენობით ცვლილებების პაკეტი წარუდგინა. კომისიებში ცვლილებების პაკეტზე მსჯელობა 14 დეკემბერს გაიმართა და საკითხი განსახილველად ბიუროს გადაეცა. ცვლილება ჯამში 4800 ლარია (ადგილობრივი ბიუჯეტის დანაზოგი), ხოლო 154 844 ლარი გარდამავალი ნაშთი.

ახალქალაქის მერიამ ცვლილებები შემდეგ სამუშაოებზე მოითხოვა.

  • საკრებულოს შენობის გათბობის სისტემის რეაბილიტაციისთვის – 2 000 ლარი
  • სპორტსმენების სხვადასხვა ჩემპიონატში მონაწილეობისთვის – 10 000 ლარი
  • 3 500 ლარი “ბიბლიოთეკების ასოციაციისთვის” წიგნების შესაძენად
  • აშუღის სკოლა – 1 704 ლარი სუბსიდირებულია ხელფასებზე
  • 1 000 ლარი სპორტსკოლისთვის ფეხბურთელების ხარჯების სუბსიდირებისთვის
  • 23 440 ლარი სერვის ცენტრისთვის დიზელის საწვავის შესასყიდად
  • 3 000 ლარი “სამხატვრო სკოლის” გათბობის სისტემის რეაბილიტაციისთვის
  • 15 000 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის (ფოიერვერკი, საჩუქრები და სხვა საჭირო საშუალებები)
  • 100 000 ლარი გამოიყო ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამსახურზე, აქედან 10 000 ლარი გადაუდებელი ოპერაციებისა და მკურნალობისთვის, ხოლო 90 000 ლარი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარებისთვის.

რეგიონული განვითარების ფონდის მიერ 2021 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 800 ლარი დაიზოგა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი, 91 222 ლარი.