ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელები მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, თუმცა ურჩევენ, კორონავირუსისა და სხვა ვირუსების, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოიჩინონ სიფრთხილე, მასობრივ ღონისძიებებზე ჩახუტების, გადაკოცნის და ხელის ჩამორთმევის ტრადიციაზე უარი თქვან.
დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა, ავეტიკ ტონაკანიანმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამჟამად, კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დარეგისტრირებული.
ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომლები უკვე ერთი კვირაა, რაც “კარწახის” საბაჟო პუნქტზე მუშაობენ და თურქეთიდან შემოსულ ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ვირუსის სიმპტომები ჯერჯერობით არავის არ აღმოაჩნდა.
“ახალი კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოში პანდემიის ხასიათი მიიღო”,- თქვა მან.
პანდემია არის ძლიერი ეპიდემია, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადებების გავრცელება ვრცელ რეგიონში, ან მთელ მსოფლიოში.
“ყველა მოქალაქეს ვურჩევ, იყვნენ უფრო ფრთხილად, შეხვედრისას ჩახუტებისა და ხელის ჩამორთმევის ტრადიციაზე თქვან უარი”, – ამბობს ავეტიკ ტონაკანიანი.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი ასევე, გვირჩევს, დაკრძალვაზე თანაგრძნობის გამოხატვისას, ახლობლებისთვის ხელის ჩამორთმევისგან თავი შევიკავოთ. ასევე, გვირჩევს, თავი შევიკავოთ საქორწილო ღონისძიებების გამართვისგან და ყველა საქორწილო და სარიტუალო დარბაზის დეზინფექცია განხორციელდეს.