19 ივნისს ახალქალაქში მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საკრებულოს ინიციატივით, მამის დღე პირველად აღინიშნა.
დღესასწაული “მომავლის სახლში” გაიმართა. დღესასწაულზე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის წარმომადგენლები, “მომავლის სახლის” აღსაზრდელების მშობლები და სხვა სტუმრები მოიწვიეს.
ღონისძიება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრმა სედა მელკუმიანმა გახსნა.
„ჩვენი მიზანია სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შევახსენოთ, თუ რას ნიშნავს მშობელთა თანასწორობა, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა. ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება, რადგან საზოგადოების განვითარების გასაღები ჯანსაღ ოჯახშია. ამიერიდან მას ყოველ წელს აღვნიშნავთ“, – განაცხადა სედა მელკუმიანმა.
მისი თქმით, მზრუნველი მამა უნდა დაფასდეს, რათა ძლიერი ოჯახის კეთილდღეობას ხელი შევუწყოთ.
„სტერეოტიპები მამაკაცებს ხშირად ხელს უშლის, ყურადღებიანი მამები, ქმრები, ოჯახის წევრები იყვნენ“, – დაამატა სედა მელკუმიანმა.
სტუმრებს “მომავლის სახლის” დირექტორი სათენიკ მაიტესიანიც მიესალმა:
„სომხებისა და ქართველებისთვის ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რადგან მამა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი და საყრდენია“.
“მომავლის სახლის” მოსწავლეებმა კონცერტიც გამართეს.
დღესასწაული მერიის მოპირდაპირედ მდებარე მოედანზეც გაიმართა, სადაც სამხატვრო სკოლის ბავშვების ნამუშევრები გამოფინეს. თითოეულმა მოსწავლემ მამა ისე დახატა, როგორც თავად ხედავს.
მერიაში გამართულ ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენლები და ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანიც ესწრებოდნენ.
მამის დღე პირველად აშშ-ში 1910 წელს აღინიშნა, 1966 წლიდან ის აშშ-ში ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა და ივნისის მესამე კვირას აღინიშნება.
საქართველოში დღესასწაული პირველად 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა. მას გაეროს ფონდი და სხვა ორგანიზაციებიც ზეიმობენ. წელს საქართველომ ეს დღე 18 ივნისს აღნიშნა.