უკვე რამდენიმე დღეა რაც ახალციხე-ახალქალაქი გზის მონაკვეთის (“კორხის წყალი” ხიდიდან ახალქალაქამდე) რეაბილიტაცია დაიწყო. ამჟამად ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალციხე-ახალქალაქი გზის რეაბილიტაცია “კორხის წყალი” ხიდიდან დაიწყეს, გარემონტდება დაახლოებით 7კმ გზა.
სარემონტო სამუშაოების გამო ტრანსპორტის გადაადგილება ფერხდება. იქ, სადაც ტექნიკა მუშაობს, მოძრაობა ცალმხრივია, ამიტომ მძღოლებს ხშირად ლოდინი უწევთ, რათა შემხვედრმა ავტომანქანებმა გაიარონ, და შემდეგ გააგრძელონ გზა. კომპანიის თანამშრომლების თქმით, სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო და საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.
აღნიშნული გზა, კერძოდ, მონაკვეთი ახალციხიდან 62-69კმ მანძილზე, მძღოლებისათვის სახიფათო გახდა. ორმოები ქალაქის დასაწყისშივე იწყება. მძღოლები ჩივიან, რომ ამ გზაზე მგზავრობის შემდეგ ავტომანქანების გარემონტება უწევთ.
მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახალციხე-ახალქალაქი გზის (“კორხის წყალი” ხიდიდან ახალქალაქამდე) მონაკვეთის რეაბილიტაციაზე 6`638`460.00 ლარის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი კომპანია “საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1”-მა 5`744`000.00 ლარით მოიგო.