ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანში, უკვე მესამე წელია, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში არსებული მთელი თანხა ჩადებულია სოფელში მინი-სტადიონის მშენებლობაში, რომელიც კვლავ არ არის ბოლომდე კეთილმოწყობილი. სოფელ ალათუმანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანხა 16000 ლარს შეადგენს.
დღეისთვის სტადიონზე უკვე 32 000 ლარი დაიხარჯა, წელს კიდევ 16 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. ჯამური თანხა იქნება 48 000 ლარი. მაგრამ მოსახლეობა ამბობს, რომ სტადიონისთვის საფარის ყიდვა მაინც დასჭირდებათ და ეს ალბათ მომავალი “სოფლის მხარდაჭერის პროფრამით” დაფინანსდება.
სოფლის მცხოვრებლები მიესალმებიან სტადიონის მშენებლობას, რადგან ბავშვებისთვის იქნება ადგილი, სადაც შეეძლებათ დრო გაატარონ და სპორტით დაკავდნენ. მაგრამ დახარჯულ თანხებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ „ჩემი საქმე არ არის, მათ უკეთ იციან“.
სოფელ ალათუმანის ყოფილი სპეციალისტის, ტონოიან მაკბეტის თქმით, დიდი ალბათობით თანხა არ იქნება საკმარისი მინი-სტადიონის მშენებლობისთვის.
„რკინის ღობის გარშემო ცემენტი უნდა დავასხათ, ახლა გამაგრება ხისაა, მოსახლეობა წუწუნებს, მაგრამ ამბობენ, რომ მასალა გაძვირდა, რკინა გაძვირდა“, – ამბობს მაკბეტ ტონოიანი.
თუმცა სოფელს იმედიც აქვს, რომ თუ თანხა საკმარისი არ იქნება, ადგილობრივი ხელისუფლება მინი-სტადიონის მშენებლობაში დაეხმარებათ.