საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, და დამდეგ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატმა ენზელ მკოიანმა საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც პოლიტიკური ზეგავლენის მიზეზით მოსახლეობას შემოდგომით ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენით ემუქრება.
მკოიანის თქმით, მასზე პოლიტიკურ გავლენას ახდენენ, რათა არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა.
“არჩევნებამდე თვე ნახევარი დარჩა. დღეს ჩემი ძმის კომპანიაში ფინანსური პოლიციის და აუდიტის მომსახურების თანამშრომლები იყვნენ. მათ ყველა კომპიუტერი და დოკუმენტი დალუქეს. მის კომპანიებში: შპს “მეეკსა” და “ეს-ჯი-გაზ”-ში 300 ადამიანი მუშაობს, რომლებიც საკუთარი ოჯახების ერთადერთი მარჩენლები არიან. ისინი ზეგავლენას ახდენენ მეწარმეზე და მის ბიზნესზე. ეს ყველაფერი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მათი ერთადერთი მიზანია- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩემი კანდიდატურის მოხსნა”,- წერს დეპუტატი.
ის ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შემოდგომით ბუნებრივი აირის გარეშე დარჩებიან.
“თუ ყველაფერი იგივე ტემპით გაგრძელდება, ვერ მოვახდენთ იმ პროექტების რეალიზებას, რომლებიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის გაზიფიცირებას ეხებოდა, ასევე სხვა პროგრამების განხორციელებაც შეფერხდება, შესაბამისად კომპანია მოსახლეობას ბუნებრივ აირს ვერ მიაწოდებს, და შემოდგომით ამ მთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელ მკაცრი ზამთრის პირობებში, მოსახლეობა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება. კომპანია გაკოტრდება, კომპანიაც და მოსახლეობაც დიდ დანაკარგს განიცდის”,- ნათქვამია მკოიანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.