XX საუკუნის 90-იანი წლების დასასრულს, ახალქალაქში, პირველი არასამთავრობო ორგანიზაციები გაჩნდა, 2000 წლების დასაწყისში დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. ყველაფერი დამოკიდებული იყო დონორი ორგანიზაციების მიერ, საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსებზე, რომლებიც ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის განვითარებას ხმარდებოდა. ახლა კი, რეგიონებში ცენტრალური ორგანიზაციები მუშაობენ, რითაც ადგილობრივი ორგანიზაციები “გადაშენების” პირას მიიყვანეს.
გიორგი ანდღულაძე არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში იყო ჩართული. როდესაც არასამთავრობოების ბუმი დაიწყო, ვისაც “მარტივი”ფული უნდოდა, ერთჯერად ორგანიზაციებს არეგისტრირებდა. ყველა აღიარებს, რომ ახალქალაქში დიდი თანხა ტრიალებდა, რეგიონს ყურადღებას აქცევდნენ, ამას ხელი შეუწყო ასევე, აქ მცხოვრებმა ეთნიკურმა უმცირესობებმა. არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა, რომლებმაც მაშინ კარგი ფული გამოიმუშავეს, დროთა განმავლობაში გაქრნენ. დარჩა მხოლოდ იდეური არასამთავრობო ორგანიზაციები, რეგიონის მასშტაბით 20-მდე ორგანიზაცია.
“თუკი ვისაუბრებთ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენაზე, სამცხე-ჯავახეთში, არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან სუსტია, არა მხოლოდ იმის გამო, რომ არ აქვთ მუდმივი დაფინანსება, არამედ იმის გამო, რომ საერთო ჯამში სამოქალაქო საზოგადოებაა სუსტი. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ორგანიზაცია მუშაობს. მართალია განვითარების პროცესი ძნელად მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ მაინც ვვითარდებით. ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ, არასდროს უმუშავიათ. ისინი სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში იქმნებოდა, იკრიბებოდა ხალხი, ქმნიდნენ ორგანიზაციას და მორჩა. პირადად მე, ახალციხეში, ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცი, რომლებიც დაიხურა და ერთი კი, ახალქალაქში”, – ამბობს გიორგი ანდღულაძე.
თუ კი, თავიდან, მოსახლეობა ვერ აღიქვამდა და არ ესმოდათ, რაში მდგომარეობდა ამ ორგანიზაციების როლი და უფრთხოდნენ მათ, შემდგომ, არასამთავრობო ორგანიზაციების კონცეფცია თანდათან ჩვეულებრივი გახდა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში უხდებოდათ იმის ახსნა, თუ ვინ არიან და რა სურთ. მაშინ შემოვიდა სიტყვა “ტრენინგი”. ორგანიზაციის არსებობა უმეტეს შემთხვევაში შეუმჩნეველი იყო და მიმართული იყო ერთეული ადამიანების განვითარებაზე.
“მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ნაკლებად იცოდნენ. მოსახლეობასთან მუშაობა იყო რთული, მაგრამ დონორებთან ადვილი. ამ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, დონორებმა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მეტის მოთხოვნა დაიწყეს. გართულდა ანგარიშის ჩაბარება, საჭირო იყო პროექტების კონკრეტული შედეგები. დონორისთვის საჭიროა მეტი მიღწევის ჩვენება. დღესდღეობით არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა, არც ისე ადვილია, როგორც ეს 20 წლის წინ იყო. რადგან თითოეული სიტყვა, რომელსაც ესა თუ ის ორგანიზაცია წარმოთქვამს, უნდა იყოს არგუმენტირებული და დამტკიცებული სერიოზული დოკუმენტებით. ჯავახეთის სიტუაცია ძალიან განსხვავდება ქვეყნის დანარჩენი რეგიონებისგან. არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი სიტუაცია, ნაწილობრივ ჩვენი ბრალიც არის. ძალიან რთული გახდა პროექტიდან პროექტამდე მუშაობა”,- ამბობს გიორგი ანდღულაძე, პროექტ “სამცხე-ჯავახეთის HUB-ი” ხელმძღვანელი და არასამთავრობო ორგანიზაციის “მესხი დემოკრატების” წარმომადგენელი.
მახარე მაცუკატოვიც იმ ადამიანებს შორისაა, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე ზრუნავენ. ის ორ არასამთავრობო ორგანიზაციას – ასოციაცია “ახალქალაქის კარტოფილსა” და “ახალქალაქის ბიზნეს ცენტრს”, ხელმძღვანელობს. მახარეს მოსაზრებით, არასამთავრობო ორგანიზაციები არ აერთიანებს იდეოლოგიურ ადამიანებს, არამედ ცალკეული სექტორების წარმომადგენლებს. მისივე თქმით, თავიდან, დონორები თვითონ სთავაზობდნენ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის გაადვილებულ ვარიანტებს, რაც დღეს აღარ ხდება.
“ბოლო პროექტი, რომელიც ასოციაცია “ახალქალაქის კარტოფილმა” განახორციელა 2018 წელს იყო. რაც შეეხება “ბიზნეს ცენტრს”, საუკუნეა პროექტი არ გვქონია. რამდენჯერმე დავწერე პროექტი, მაგრამ არც ერთმა არ გაამართლა. ადგილობრივი ორგანიზაციები გრანტებს არ იღებენ. როდესაც წერენ რამე პროექტს და რეგიონებში უშვებენ განსახორციელებლად, უნდა იყოს აღნიშნული, რომ პროექტი არ განხორციელდება თბილისში. თუნდაც პარტნიორებში ჩართონ ადგილობრივი ორგანიზაციები. თუკი პროექტი განხორციელდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, რატომ არ არის ჩართული არცერთი ადგილობრივი ორგანიზაცია? ახლა პრიორიტეტულია ცენტრალური ორგანიზაციები, მათ ხვდებათ გრანტებიც, რომლებმაც ჩაახშო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. უბრალოდ ზოგიერთი აქტივობა ინერციით კეთდება, სამწუხაროდ ამას აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციების ცალკეული წარმომადგენლები და არა ორგანიზაციები”, – ამბობს მაცუკატოვი.
“ბოლო პროექტი ჩვენთან ერთი წლის წინ განხორციელდა, პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩომ დააფინანსა. ამის შემდეგ მივმართე ფონდებს, ვწერდი პროექტებს, მაგრამ გრანტი ვერ მივიღეთ. ჩვენი ორგანიზაცია განათლებაზე, გენდერულ საკითხებზე და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით მუშაობს. თუმცა, ოფისის და სტაფის შენახვა რთული და ძვირია. ორგანიზაციაში 2 მუდმივი წევრია, მაგრამ, როდესაც არის ახალი პროექტი, ჩვენ გვჭირდება შესაბამისი სპეციალისტები, იურისტები, ექსპერტები, მასწავლებლები და ა.შ. თუკი არ არის გრანტები, არ იქნება აქტივობები და არც არაფერი”, – ამბობს დალი აღდგომელაძე.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ინტეგრაცია, სახელმწიფო ენის ცოდნა, ახალგაზრდებთან მუშაობა და ბევრი სხვა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი და მიმართულებაა. თუმცა თუკი ევროპაში, საიდანაც შემოვიდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაარსების იდეა, ჯერ კიდევ აქტუალურია და უმეტეს შემთხვევაში ზუსტად სახელმწიფო აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოში ეს საერთაშორისო დონორების საქმეა, რომლებიც აქედან ნელ-ნელა მიდიან.