ქალაქის სამხრეთ ნაწილში, №5 სკოლასთან (ინტერნატი) ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გრძელდება. მშენებლობას ახორციელებს კომპანია შპს „აი-ქეი-ბი ბილდი“. შენობა სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიის წარმომადგენლების თქმით, დასრულების ვადა წლის ბოლომდე გახანგრძლივდა.
ახალი საბავშვო ბაღის პირველი სართული მზად არის, კედლები უკვე აშენებულია, ბლოკების დამონტაჟების სამუშაოები დასრულებულია. მშენებლები ახლა შიდა ტიხრების მშენებლობაზე მუშაობენ. შენობის სახურავზე ბეტონი დაისხა და ბიტუმით დაიფარა.
სამშენებლო სამუშაოებს სხვადასხვა, სპეციალური ბრიგადები აწარმოებენ.
კუკური ტველდიანის ჯგუფმა პირველ სართულზე ბეტონის სამუშაოები ჩაატარა, ააშენა კედლები და სვეტები. ადგილობრივი მშენებლების გუნდი ამჟამად შიდა ტიხრებზე მუშაობს.
კომპანიის დირექტორის, კახა გერგედავას თქმით, გასულ ზამთარში ამინდის პირობების გამო მათ 1,5-2 თვე ვერ იმუშავეს, ამიტომ ჩაბარების ვადა მიმდინარე წლის სექტემბრიდან 2024 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა.
„მიმდინარეობს შიდა და გარე მოპირკეთება, ორ კვირაში დავიწყებთ ბათქაშის, შიდა და გარე რემონტს. ზამთარში ცუდი ამინდი იყო, ვერ ვიმუშავეთ. წლის ბოლომდე ყველაფერს დავასრულებთ”,- თქვა კახა გერგედავამ.
ახალქალაქის ახალი საბავშვო ბაღი „მუნიციპალური განვითარების ფონდის” დაფინანსებით შენდება. მისი მშენებლობისთვის 1 821 822 ლარი გამოიყო, მშენებლობის ტწნდერი კომპანია შპს “აი-ქეი-ბი ბილდი”-მ 1 657 000 ლარით მოიგო. ხელშეკრულების მოქმედენის ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
საბავშვო ბაღის შენობა 75 ბავშვზე გათვლილი სტანდარტული ერთსართულიანი იქნება. შენობის საერთო ფართი 960 კვ/მ-ზე ოდნავ მეტია. შენობას შესასვლელი ოთხი მხრიდან ექნება. შენობის ირგვლივ დიდი მოედანი იქნება.