საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ, Edison Research-მა მორიგი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.
გამოკითხვა 25 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე ჩატარდა, საქართველოში 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეების პირადი ინტერვიუს მეთოდით. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი ქვეყნის მასშტაბით (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა) გამოკითხული იყო 2 850 ადამიანი. ცდომილება + — 2.0%-ს შეადგენს.
გამოკვლევის თანახმად, საბოლოოდ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა 94%-ი აპირებს.
გამოკითხულთა 75% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ.
19% ამბობს, რომ შეიძლება მიიღონ მონაწილეობა.
გამოკითხულთა 3% აცხადებს, რომ, ალბათ, არ მივლენ არჩევნებზე.
კიდევ 3% დარწმუნებულია, რომ ხმის მიცემაში მონაწილეობას არ მიიღებს.
შეკითხვაზე, “რომელ პარტიას მისცემდით ხმას, თუკი დღეს ჩატარდებოდა არჩევნები?”, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” — 38%
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 15%
“ევროპული საქართველო” — 6%
ვინც ჯერ ვერ გადაწყვიტა, ვის უნდა მისცეს ხმა – 23%
სტრატეგია “აღმაშენებელი” — 4%
პარტია “ლელო” — 3%
“პატრიოტთა ალიანსი” – 3%
“გირჩი” – 3%
“მოქალაქეები” (ალეკო ელისაშვილი) – 1%
“დემოკრატიული საქართველო” (ნინო ბურჯანაძე) — 1%
1%-ზე ნაკლები შემდეგ პარტიები: “გამარჯვებული საქართველო” (ირაკლი ოქრუაშვილი), “სამართლიანობისათვის” (ეკა ბესელია), “თავისუფალი საქართველო” (კახა კუკავა).
ამასთანავე, შეკითხვაზე, გინდოდათ თუ არა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში უმრავლესობაში “ქართული ოცნება” დარჩეს, ან მართველი უნდა გახდეს სხვა პარტია/პარტიები, გამოკითხულთა 57%-მა განაცხადა, რომ სურთ, რომ პარლამენტს ახალმა პარტიამ ან სხვა პარტიებით შემდგარმა კოალიციამ უხელმძღვანელოს. ამ შემთხვევაში მხოლოდ 43% უჭერს მხარს “ქართულ ოცნებას” მართველი პარტიის როლში.
ასევე გაირკვა, რომ გამოკითხულთა 57% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 43% კი თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
მოქალაქეებს ასევე შესთავაზეს აეხსნათ, რა მოსწონთ ყველაზე მეტად არჩეულ პარტიებში.
“ქართული ოცნების” შემთხვევაში გამოკითხულთა უმეტესობა- 22%, თქვა, რომ მათ მოსწონთ “ქვეყნის განვითარების კონკრეტული ეკონომიკური გეგმის არსებობა”;
“ევროპული საქართველოს” შემთხვევაში 20%მა დაასახელა «პარტიის პროდასავლური მიმართულება»;
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიის მომხრეებს ყველაზე მეტად “ძლიერი ლიდერები” მოსწონთ.
Edison Research-ის კვლევასთან დაკავშირებით პარტიების შეხედულებები გაიყო: მმართველ პარტიაში თვლიან, რომ ეს ციფრები დაწეულია, ხოლო ოპოზიცია იმედით არის სავსე.
მიუხედავად პირველი ადგილისა, მმართველ პარტია – “ქართულო ოცნება- დემოკრატიული საქართველოში” მიაჩნიათ, რომ რეიტინგი დაწეულია.
“თუკი 2011 წლიდან გამოკითხვების სტატისტიკას გადახედავთ, ნახავთ, თუ როგორ მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით კვლევითი ორგანიზაციები, რა შედეგები აჩვენა მათ გამოკითხვამ და რა შედეგი იყო არჩევნებზე. საქართველოში ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს მხარდაჭერა – ეს პარტია “ქართული ოცნებაა”, – თქვა მართველი პარტიის გენერალურმა მოადგილემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ “ქართული ოცნების” მომხრეთა რიცხვი შედეგებზე 20%-ით მეტია.
მაგრამ ოპოზიციისათვის კვლევის შედეგები იმედის მომცემი აღმოჩნდა.
“ხელისუფლების რეიტინგი ეცემა და ახლა 39%-ს შეადგენს. მაჟორიტარ ოლქებში ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა იქნება იმის გარანტია, რომ ყველაფერი პირველ ტურში მოგვარდება, და ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში”,- თქვა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ.
მაგრამ ოპოზიციური პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თვლის, რომ ოპოზიციას გამარჯვებისათვის ბევრი მუშაობა მოუწევს.
“თუკი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, ეს იქნება კოალიცია, და შიგნით კომპრომისის ნახვა იქნება საჭირო. ჩვენ არჩევნებამდე მუშაობის დაწყებას ვუჭერთ მხარს, რათა ამომრჩეველს ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ”, – თქვა ჯაფარიძემ.
ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ ამჯერად პარლამენტში უფრო მეტი პარტია შევიდეს, ვიდრე სხვა დანარჩენ არჩევნებზე – გამსვლელი ბარიერი დაწეულია 1%-მდე. თუმცა კონკურენცია დიდი იქნება – პოტენციურად არჩევნებში დაახლოებით 70 პარტია მიიღებს მონაწილეობას. პარლამეტში უბრალო უმრავლესობის მისაღებად, პარტიამ, ან ბლოკმა 150-დან მინიმუმ 76 ადგილი უნდა დაიკავოს.
ბიძინა ივანიშვილი ამ გამოკითხვაში მესამე ადგილას აღმოჩნდა. მის მიმართ გამოკითხულთა 48% დადებითად არის განწყობილი.
ყველაზე ნაკლები სიმპათიით სარგებლობს მართველი პარტიის შემსრულებელი მდივანი და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე (33%).