ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უკვე ერთი კვირაა, რაც კარტოფილის მოსავლის აღება დაიწყეს. მიწათმოქმედები კარტოფილის დაბალ ფასს უჩივიან.
ახალქალაქის სოფლებში კარტოფილის მოსავლის აღება დაიწყეს, თუმცა ამჟამად მოსავალს მხოლოდ მსხვილი ფერმერები იღებენ. ისინი კარტოფილის მოსავლის აღებას იწყებენ მალევე, რადგან ყინვებამდე კარტოფილის აღებას, გარჩევას და დასაწყობებას ძლივს ასწრებენ.
სოფელ ჩამდურადან ვოლოდია კარაპეტიანმა წელს 35ჰა კარტოფილი დათესა. მისი თქმით, წელს ნორმალური მოსავალია, მაგრამ კარტოფილის ფასი მიწათმოქმედებს არ ახარებს.
“ახლა კარტოფილის ფასი 50-60 თეთრს შეადგენს, ეს ძალიან ცოტაა. კარტოფილის ფასი მინიმუმ 70-80 თეთრი უნდა იყოს”,- ამბობს ვოლოდია კარაპეტიანი.
ფერმერი კარაპეტიანი შარშანდელი მოსავლით კმაყოფილი დარჩა და იმედოვნებს, რომ წელსაც კარგი მოსავალი იქნება.
“თუკი ერთი ჰექტრიდან 25 ტონა კარტოფილს ავიღებთ, ეს ნორმაა, თუ არა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ცუდი მოსავალია”,- ამბობს ის.
ზოგიერთი კარტოფილს პირდაპირ მინდვრიდან ყიდის. გაყიდვის ეს ხერხი ყველაზე მომგებიანია, მართალია შეიძლება სამომავლოდ ფასმა აიწიოს, თუმცა მიწათმოქმედი დასაწყობებისათვის და პროდუქტის გადაზიდვისათვის აღარ იხარჯება, ამას გარდა, კარტოფილი წონაშიც იკლებს.
კარაპეტიანთან მოსავლის აღების სეზონზე 2-3 ბრიგადა მუშაობს, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები. ქალები კარტოფილს კრეფენ, ამ სამუშაოსთვის ისინი დღეში 35 ლარს ღებულობენ, ხოლო მამაკაცები ტომრებს ცლიან, რისთვისაც 40 ლარს ღებულობენ. მომუშავეები კმაყოფილები არიან იმით, რომ არის მუშაობის საშუალება. მისი მტკიცებით, მომუშავეები ნაკლებს ღებულობდნენ- 30-35 ლარს დღეში.
“უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ და კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი ხალხია, მომუშავეებს არასდროს აწყენინებენ”,- ამბობს ერთ-ერთი მომუშავე.